მადლიერების დღის ლოცვა

william-burroughs

ჯონ დილიჯერს,
იმ იმედით, რომ ჯერაც ცოცხალია,
მადლიერების დღე, 28 ნოემბერი, 1986

მადლობას გიხდი გარეული ინდაურისა და საფოსტო მტრედის გამო, რომლებსაც ბედად ჯანსაღი ამერიკული ნაწლავების ამოტენა ერგოთ _

მადლობას გიხდი ამ მძარცველი და მავნებელი კონტინენტისთვის _

მადლობას გიხდი სულ ოდნავ ჭირვეული და საშიში ინდიელების გამო _

მადლობას გიხდი ბიზონების თვალუწვდენელი ჯოგისთვის, რომლებიც შეგვიძლია დავკლათ და გავატყავოთ, შიგნეული კი გადავყაროთ, რათა გაიხრწნას _

მადლობას გიხდი უხვად მომადლებული მგლებისა და კოიოტებისათვის _

მადლობას გიხდი ამერიკული ოცნებისათვის, რომელიც იმდენად გაახუნეს და გაცრიცეს, რომ ურცხვი ტყუილიღა გამოკრთის მისგან _

მადლობას გიხდი კუ-კლუქს-კლანისთვის, ზანგების მკვლელი პოლიციელების ორდენებისთვის, ეკლესიაში მოსიარულე კდემამოსილი ქალების მოკრძალებული, წაწვეტებული, გესლიანი, ბოროტი სახეებისთვის _

მადლობას გიხდი ლოზუნგისათვის ,,მოკალი გეი ქრისტეს სახელით” _

მადლობელი ვარ ლაბორატორიულად გამოყვანილი შიდსის გამო _

მადლობას გიხდი მშრალი კანონისა და ნარკოტიკების საწინააღმდეგო კამპანიისთვის _

მადლობას გიხდი ქვეყნისათვის, რომელშიც არავის ანებებენ საკუთარი საქმის კეთებას _

მადლობას გიხდი ჩამშვებების ერისთვის, _ დიახ, მადლობა ყველა მოგონებისთვის. . . . აბა, მიჩვენე შენი ხელები.

. . მუდამ ხათაბალა იყავი და მუდამ თავს მაბეზრებდი _

მადლობას გიხდი უკანასკნელი და უდიდესი ადამიანური ოცნების უკანასკნელი და უდიდესი ღალატისათვის.

ავტორი: უილიამ ბეროუზი
თარგმანი: ანი კოპალიანი

დატოვე კომენტარი