რეი ბრედბერი – ტანმოხატული კაცი

IllustratedMan-FINAL_11

“ფანტაზია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცოდნა. ცოდნას საზღვრები აქვს, ფანტაზია კი თავისი უსაზღვროებით ქმნის ევოლუციას.”

ბრედბერის ფანტაზიას რომ საზღვრები არ აქვს, ახალი ამბავი არ უნდა იყოს ფანტასტიკის მოყვარული მკითხველისთვის, მაგრამ ასეთი მრავალფეროვნება და გასაოცარი ამბების კორიანტელი ნამდვილად თავბრუს დაგახვევთ.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ეს ერთი ტანმოხატული კაცის სხეულზე მომავალში მომხდარი ამბებია; ნახატები კი იმდენად თვალწარმტაცი და არაჩვეულებრივია თავისი რეალურობით, რომ მაშინვე იპყრობს მნახველის ყურადღებას, თუმცა ღამით აშინებს კიდეც, რადგან ცოცხლდებიან…
არ მოგეჩვენათ, მართლა ასე ვთქვი, ცოცხლდებიან! მოძრაობას იწყებენ და სათითაოდ ყვებიან სხვადასხვა ამბავს.

შეგიძლიათ სულ თავიდან დაიწყოთ, მშვენიერი სახლით, რომელიც ყველაფერს თავად აკეთებს: ალაგებს, სადილს ამზადებს, ბავშვებს თასმებსაც კი უკრავს და არაჩვეულებრივ ადგილებში გამოგზაურებთ. ეს ნამდვილი “ბედნიერების სახლია”, თუმცა ჰადლების წყვილისთვის არც ისე ბედნიერი.
შავკანიანებით დასახლებულ მარსზე რას იტყვით? ისინი დედამიწიდან გაიქცნენ, მშვიდად დასახლდნენ ჩაგვრისგან და შეურაცხყოფისგან შორს, ახლა კი თეთრკანიანები მიდიან მათთან დახმარების სათხოვნელად.
როგორი წარმოგიდგენიათ მსოფლიო ომის ქარ–ცეცხლში? ნიუ–იორკის, პარიზის, ლონდონის, შანჰაის და სხვა დიდი ქალაქების გარეშე?

ახლა კოსმოსზე და კოსმონავტების ამბებზე რაღას იტყვით? ერთმანეთისგან განსხვავებული, მრავალფეროვანი, სევდიანი და იმედიანი. მუდამ წვიმიანი ვენერა, კოსმონავტებისთვის თავშესაფრად აგებული მზიანი გუმბათებით. ისევ მარსი და მარსელები. კოსმოსში მომხდარი აფეთქება და სივრცეში გაბნეული ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა პლანეტებისკენ მიქრიან. “მატყუარა” კოსმოსური ხომალდი ბავშვებისთვის და მუდამ სიმშვიდის ძებნაში დაღლილი კაპიტანი. დედამიწაზე დაბრუნების ოცნება და კიდევ უამრავი ასეთი.
დროში მოგზაურობა და რობოტი–ორეულები? (გაგეცინათ ალბათ) ეს ხომ ყველა ადამიანის ახდენილი ოცნება იქნებოდა, მაგრამ ნუ იჩქარებთ. იქნებ უკეთესია ჩვენი საქმე თავად ვაკეთოთ, ისე როგორც ახლა.
სამყაროს აღსასრული, განკითხვის ჟამი და ახალი მსოფლიო წყობა ხომ ცალკე აღმოჩენაა. დედამიწის დაპყრობის მსურველი უცხოპლანეტელები და აჯანყებული ცხრა წლამდე ბავშვები. “შურისმაძიებელი ქალაქი”, რომელიც დედამიწელების გასანადგურებლად ისევ მათ იყენებს, ოღონდ, თითბრის გულებით და ვერცხლის ორგანოებით შექმნილს.
საიდანაც უნდა დაიწყოთ, თქვენს წინაშე ყოველთვის ფანტასტიური ამბები გადაიშლება, თქვენ კი შეგიძლიათ ამ ყველაფრით აღფრთოვანდეთ და კითხვა განაგრძოთ.

ამ თითქოს მარტივი, დიდებისთვის დაწერილი ზღაპრების ქვეტექსტების ამოცნობა ერთი სიამოვნებაა, ღიმილთან ერთად შიშსაც მოგგვრით და გულწრფელად დაფიქრდებით მომავალზე.
მოკლედ, აქ ყველაფერი ბევრია: მრავალფეროვანი სიუჟეტი, უცნაური,მაგრამ ფანტასტიური, საშიში და აღმაშფოთებელი ამბებიც კი, გალაქტიკის საზრუნავებით დატვირთული მომავლის ადამიანები, სევდა და მონატრება, ომები და კოსმოსი, სივრცე და გალაქტიკა… მაგრამ ერთი ტანმოხატული კაცი, რომლის ზურგზეც კიდევ ერთი ლაქა უცნაურად მოძრაობს…

“მარჯი,ჩქარა,სარდაფში გაიქეცი!… გვბომბავენ!”

DSCN051144

პოსტი დაწერილია სპეციალურად თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მიერ გამოცხადებული ბლოგერების კონკურსისთვის.

წარმოიდგინეთ, თქვენ რომ ათი წლის გოგონა იყოთ, რომელიც რევოლუციამდელ ირანში ფრანგულ სკოლაში სწავლობს, ჰყავს მეგობრები, არაჩვეულებრივი მშობლები და არაფერია აკრძალული. ცოტა ხანში კი იძულებული ხდება თავსაბურავი ატაროს, კლასელ ბიჭებთან ლაპარაკიც კი საშიში გახდეს, ქუჩებში დემონსტრაციები, მკვლელობები და ქვეყანაში ომი დაიწყოს…
მაშ ასე, ეს მარჯან სატრაპის ისტორიაა. ირანელი პატარა გოგონასი, რომელიც ომს გაექცა და საკუთარი თავის საპოვნელად ისევ მას დაუბრუნდა. მართალია მარჯი ფიზიკურად არ იბრძოდა, არც იარაღი სჭერია ხელში, მაგრამ ყოველთვის აპროტესტებდა უსამართლობას და ამის გამო ხშირად შარშიც ეხვეოდა, მაგრამ მაინც არ წყვეტდა ბრძოლას… ბრძოლას დამოუკიდებლობისა და პიროვნული განვითარებისთვის.
მან ბევრი გადაიტანა…ძალიან ბევრიც კი… ცუდი გზითაც იარა და სისულელეებიც ჩაიდინა, მაგრამ განა გააანალიზებ შეცდომას თუ ის არ დაუშვი? სწორედ ამის გამო არ დართო მამამ ქორწინების ნება, თუმცა კი იცოდა, რომ ეს ქორწინება აუცილებლად კრახით დასრულდებოდა?
მარჯანი წარჩინებული ოჯახის შვილი, ირანის ელიტის წარმომადგენელი და ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრობი გოგოა, რომელსაც მამის კადილაკით სიარული სცხვენოდა და ამის გამო ბრძოლას აპირებდა, არც ის მოსწონდა მათი მოახლე მარტო რომ სადილობდა, ცალკე მაგიდასთან და არც ის ბებიას სახსრების ტკივილი რომ სტანჯავდა.
სწორედ ამის გამო უნდოდა წინასწარმეტყველი გამხდარიყო…
მაგრამ ეს ბავშვობაში, სანამ ფრჩხილის ლაქი, ჯინსები და კედები შემაძრწუნებელ დანაშაულს არ წარმოადგენდა. მეგობრებთან ერთად შეკრება ხომ ფუნდამენტალისტი ირანელებისთვის დანაშაულის უმაღლესი ფორმა იყო, განსაკუთრებით თუ თან ღვინო და კარგი მუსიკა მოგეპოვებოდათ…
ის კეთილი გოგონა იყო. ბევრი ფიქრით დატვირთული, რომელიც ღმერთს იმიტომ გაუბრაზდა, რომ ბიძიის დაკარგვა არ უნდოდა.
14 წლის ასაკში კი საკუთარი თავის ამარა დარჩა უცხო ქვეყანაში. მერე იყო ახალი სამყარო, მეგობრები, სიყვარული, მოსაწევი, “ბოსტნეულად” ქცევა და იმედგაცრუებების მთელი ჯარი. მოკლედ, ევროპის შესისხლხორცება სცადა და ლამის ფატალურად დაასრულა სიცოცხლე, მაგრამ მაინც შეძლო ბრძოლა, ამჯერად საკუთარ თავთან და მოახერხა ჩამოყალიბებულიყო წარმატებულ, შემდგარ და საინტერესო პიროვნებად.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ეს მარჯან სატრაპის “პერსეპოლია” – პატარა გოგონა, დიდი ისტორიით, ბევრი ცრემლით, იმედგაცრუებით, შიშით და შეცდომებით, ომით და ჭრილობებით, მაგრამ ამავდროულად იმედებით, ცოდნით და წინააღმდეგობებით სავსე ქალი.

ადამიანობა როგორც ასეთი

group

სათაური დიდი ვერაფერი,
პოსტიც ალბათ ასეთივე,
მთავარია თქვენ რას ფიქრობთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით.

მაშ ასე…

რადგან ერთხმად ვაღიარებთ, რომ ადამიანები განხვავებულები და ინდივიდუალურები არიან, უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ მათი კონფორმისტული ხასიათიდან გამომდინარე ცდილობენ ერთმანეთს, ოჯახის წევრებს და უცხო ადამიანებს მიბაძონ. ამ მცდელობაში იმდენად ემსგავსებიან ერთმანეთს და ის ინდივიდუალური საწყისი იმდენად უფერულდება, რომ თითქმის აღარაა შესამჩნევი.
მეტად მაღალფარდოვანი რომ არ იყოს იმასაც დავამატებ, რომ მე, როგორც რიგითი მოქალაქე, ვერ ვიტან ამ მსგავსებებს, მასობრიობას და სულელურ გაერთიანებებს, საშინელ ყოველდღიურობასა და ბევრ შეხედულებას ანუ იმ ძირგამომპალ, ვითომ ისტორიულ სახოვარს, ჩვენი წინაპრებისგან რომ შემორჩა.

სასიამოვნოა, რომ არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც მხოლოდ ჭამა და ძილი არაა ბედნიერება, შეუძლიათ ფიქრი და უკეთესობის სურვილი აქვთ, მაგრამ ეს მასიურობა და „რას იტყვის ხალხი?“ ისე ძირ-ფესვიანადაა გამჯდარი საზოგადოებაში რთულია განსხვავებული ან დამოუკიდებელი შესთავაზო მათ. რატომაა საშიში ცვლილებები? ეს ქართველობას ნაკლებად გვართმევს, ვიდრე ჯეკ დენიელსის სიყვარული. რატომ ლანძღავენ ახალ თაობას? რადგან უსამართლობას ვერ ეგუებიან? ან იმიტომ, რომ ზოგჯერ მათი სურვილები არ ემთხვევა გარესამყაროს და შეცვლას ცდილობენ? ამით არც ტრადიციებს ვკარგავთ და არც კულტურულ ფასეულობებს.
ჰო, თქვენ ყოველთვის ფიქრობთ რას იტყვის სხვა, რა იქნება სწორი ან უკეთესი, მაგრამ რას მიიჩნევთ სინამდვილეში სწორად? რატომ არის აუცილებელი აზროვნებდე ისე, როგორც სხვები? ფიქრობდე და იქცეოდე ისე, როგორც საზოგადოებაშია მიღებული.
ოდესმე ხომ უნდა მივეჩვიოთ რაღაცის დამოუკიდებლად კეთებას, ის გათქვეფილი ინდივიდუალიზმი ოდნავ მაინც რომ დაუბრუნდეს საწყისს. Continue reading “ადამიანობა როგორც ასეთი”

31 მაისის პოსტი ანუ ზაფხულიც მოვიდა

student-clipart-2

მშვენიერი მზიანი დღე იყო. ახლაც ისე ცხელა თავი საჰარაში მოსიარულე ბედუინი მგონია, მაგრამ ეგ არაფერი მთავარი ისაა, რომ დღეს 31 მაისია. მოკლედ, დავხედე ტელეფონს და აღმოვაჩინე, რომ გაზაფხულის ბოლო დღეა, იფიქრებთ მერე რა, დიდი ამბავიო, ეგ ხომ ყოველ წელსააო?! მაგრამ ბედნიერება ხომ წვრილმანებშია. მე კიდე წელს გამახსენდა ასე განსაკუთრებულად. ჰო და პოსტის დაწერა გადავწყვიტე, ხვალიდან ხო ზაფხული იწყება, თანაც იმდენგვარი ემოციით ვარ სავსე, უნდა მოგიყვეთ რაღაც.

ასე, რომ ღმერთი არს ჩვენთან, ვიწყებ :დ

დავიწყებ იმით, რომ დღეს გარეთ ფეხი არ გამიდგამს, ამიტომაც სიცხისგან განადგურებული მეგობრების სტატუსებს, რომ ვკითხულობდი ისე გავერთე თავი უკანასკნელი ნაძირალა მეგონა, რომელიც სხვისი უბედურებით ტკბება. არა და რა ვქნა, მიყვარს მზე, სიცხე და სინათლე, მაგრამ საერთოდ თუ ამოვწყდით ქართველი ერი ამ სიცხეებში და შევეწირეთ მზეს, ეგრეც არ მინდა. ხუმრობა იქით იყოს და ჩვენს ქვეყანაში ნორმა არც ამინდმა იცის, არც ადამიანმა.

ერთი კარგი ჭექა-ქუხილი ნამდვილად გამახარებდა ახლა… Continue reading “31 მაისის პოსტი ანუ ზაფხულიც მოვიდა”

ღია წერილი საზოგადოებას

670px-Calm-Down-Step-1-Version-2

შესაძლოა პოსტი აგრესიული მოგეჩვენოთ, მაგრამ გულთან ახლოს ნუ მიიტანთ!
თუ საკუთარ თავს ამოიცნობთ, ათამდე დაითვალეთ, ღრმად ამოისუნთქეთ და მერე იმოქმედეთ!

მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ძაან გაატრაკეთ საქმე თქვენი პრობლემებით.
თუ რამე პრობლემა გაქვთ, სოციალურ ქსელებში დასტატუსებას, წადით და მიხედეთ. დაწერა და სმაილებით გამხნევება გიშველით? თუ არ ეშველება ნუღარ შემჭამეთ და თუ ეშველება, ასწიეთ პატივცემული უკანალი და იმოქმედეთ.
უკომპლექსობის დასამტკიცებლად რუსულ, ინგლისურ ან ჩინურ ენაზე გინება რატომ მოიგონეთ, როდესაც იგივეს გაკეთება ქართულად მშვენივრად შეიძლება? (თანაც უფრო მრავალფეროვნად), მაგრამ ეს ნაკლებ “სვეცკურია” ხო? სულ დამავიწყდა. თან გოგონების მხრიდან გინება და ბილწსიტყვაობა ხო ძალიან თანამედროვე და მისაბაძია. ასე გააგრძელეთ, არ შეჩერდეთ. პარალელურად სხვადასხვა ენებზეც მიამატეთ იგივე ფრაზები და მერე იტყვით ბევრი ენა ვიცითო.
ან ეს ე.წ თაყვანისმცემლების გასაჯაროება რა უბედურებაა? სადმე თუ დაგპატიჟათ ან რამე გაჩუქათ უარესი, მერე დაქალები, რომ გამშვიდებენ და გულებს გიწერენ. გასაჯაროება ვახსენე და საუკეთესო მეგობრის ურთიერთობაში დამატება გამახსენდა. რა ჯანდაბაა ლესბოსური თუ პლატონური სიყვარულის ფრქვევა. ბიჭებმა, რომ ეგ “იკადრონ” ტაბურეტსაც არ აკმარებენ. გოგოებმა კიდე გაუტიეს მთლად. Continue reading “ღია წერილი საზოგადოებას”

ყოფიერება, როგორც სასიცოცხლო პრობლემა

bigstock-Difference-man-and-woman-092413

თანამოსასმენი მშვიდად კითხვისთვის

ადამიანები – მრავალფეროვნები, ხმაურიანები, კეთილები, ჯანმრთელები, ლმობიერები, ბედნიერები, სიცოცხლით სავსენი.
ადამიანები – მრავალგვარი პრობლემის გამომწვევები, შემქნელები მრავალი სასწაულის და უფრო მეტის გამანადგურებლები.
ადამიანები – მხიარულები, მოწყენილები, დაღლილები, ბედნიერები, დეპრესიულები, აგრესიულები, მოღუშულები, ხალისიანები. ადამიანები – არსებები, რომლებიც საუბრობენ, ფიქრობენ, მოძრაობენ, ჭამენ, იცვამენ, ძინავთ; აქვთ უამრავი რუტინა, რომელზე დაფიქრებამაც შეიძლება ჭკუიდან შეგშალოს. ამ რუტინათა უმრავლესობა სასიცოხლო მნიშვნელობისაა, მაგრამ ჩვენივე საზიანოდ უფრო მეტად ვეჩვევით მათ. ძალიან მარტივად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ საკუთარი უსუსურობა, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ხანმოკლე სიცოცხლის მესამედს ძილში ვატარებთ, დანარჩენ დროს კი ერთმანეთს ან საკუთარ თავს ვერჩით.
ეს მხოლოდ დრამატული მხარეა, რადგან უამრავი დადებითი აქვს ჩვენს არსებობას, მაგრამ თვითონვე გვიჭირს ამის დანახვა. გვტანჯავს ისეთი ყოფა-ცხოვრებისეული მოვლენები, როგორიცაა უძილობა, თუმცა შეგვიძლია მისი მარტივად მოგვარება თვალების დახუჭვით (პარალელურად ითვლი: მოდიოდა ერთი მგელი, მოდიოდა ორი მგელი…), თუნდაც ფიქრით, რთულ შემთხვევაში კი ძილის წამლით; Continue reading “ყოფიერება, როგორც სასიცოცხლო პრობლემა”

(მ)ორალისტები, გმირები და ლოკოკინები

ვიაჩესლავ მიშენკოს ფოტო

სათაურში ჩამოთვლილი სამი პუნქტიდან, ორი იმდენად მნიშვნელოვანი და აქტუალურია, რომ წარმოუდგენელიც კია მათზე საუბარი ლოკოკინებიდან დავიწყო; თუმცა,რომ არა ისინი განსაკურებით კი ვიაჩესლავ მიშენკო ამ ყბადაღებულ საკითხებს არ შევეხებოდი.

სწორედ მის მიერაა გადაღებული ეს მშვენიერი ფოტო, რომელიც არაჩვეულებრივ განწყობას ქმნის, სინათლით და ფერების სიხასხასით (მე კი პოსტის დაწერისაკენ მიბიძგა). ორი ძალიან პატარა არსება, რომელსაც თითქმის ვერავინ ამჩნევს, არსებობისთვის იბრძვის; ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი შეიძლება გრძნობებსაც გამოხატავდეს (რამდენადაც ეს შესაძლებელია და თუ ძალიან მხატვრულად არ ჟღერს)

სწორედ ასეა ადამიანებიც, რომლებიც უფრო შესამჩნევად (სინამდვილეში კი შემაწუხებლადაც) იბრძვიან თვითგადარჩენის, თვითდამკვიდრებისა და იმ ყველაფრისთვის, რაშიც “თვით” ანუ საკუთარი თავი ურევია. ვიღაც, განდიდების მანიით ან საკუთარი თავით შეპყრობილ ნაძირალას კი შეუძლია ამბიციებს უამრავი ადამიანის სიცოცხლე შესწიროს, რადგან ასეთია მისი სურვილი. ამ სურვილებს კი ყოველთვის უბრალო ადამიანები ეწირებიან, რომელთა არსებობასაც იმ ლოკოკინებივით ვერ ამჩნევენ ზედა ეშელონებში მშვიდად მოკალათებული, გაქსუებული მილიონრები. მსოფლიო კი შეძრულ-შეშფოთებულია და კაცმა არ იცის როდის შეძლებს ისე დამშვიდებას, რომ ხალხის სისხლი აღარ იყოს საჭირო წესრიგისათვის. ეს ხალხი კი ელოდება როდის ისურვებს ნაძირალათა უფრო დიდი რაოდენობა საჭირო ადგილის განძრევას, უფრო მეტი სიცოცხლის გადასარჩენად.
არც კი ვიცი რა შეიძლება ვუწოდო შიშველი ხელებით, ტყვიის წინააღმდეგ, საკუთარი დამოუკიდებლობის დაცვას – გმირობა თუ სიგიჟე, მაგრამ ასეთი გმირული სიგიჟეები კვებავს სამყაროს, რათა საბოლოოდ არ განადგურდეს.

ამ ყველაფრის ფონზე კი ქართულ ტელესივრცეში ჩნდება ახალ “ბრძენმეტყველთა” ნაკადი, რომელიც მოუწოდებს ხალხს თავისუფალი ცხოვრებისა და აზროვნებისაკენ, რომელიც უკვე წინასწარ უქმნის ჩარჩოებს იმის შეხსენებით რა არის ცუდი და რა კარგი, რა ძველმოდურია და რაა სასურველი. Continue reading “(მ)ორალისტები, გმირები და ლოკოკინები”