31 მაისის პოსტი ანუ ზაფხულიც მოვიდა

student-clipart-2

მშვენიერი მზიანი დღე იყო. ახლაც ისე ცხელა თავი საჰარაში მოსიარულე ბედუინი მგონია, მაგრამ ეგ არაფერი მთავარი ისაა, რომ დღეს 31 მაისია. მოკლედ, დავხედე ტელეფონს და აღმოვაჩინე, რომ გაზაფხულის ბოლო დღეა, იფიქრებთ მერე რა, დიდი ამბავიო, ეგ ხომ ყოველ წელსააო?! მაგრამ ბედნიერება ხომ წვრილმანებშია. მე კიდე წელს გამახსენდა ასე განსაკუთრებულად. ჰო და პოსტის დაწერა გადავწყვიტე, ხვალიდან ხო ზაფხული იწყება, თანაც იმდენგვარი ემოციით ვარ სავსე, უნდა მოგიყვეთ რაღაც.

ასე, რომ ღმერთი არს ჩვენთან, ვიწყებ :დ

დავიწყებ იმით, რომ დღეს გარეთ ფეხი არ გამიდგამს, ამიტომაც სიცხისგან განადგურებული მეგობრების სტატუსებს, რომ ვკითხულობდი ისე გავერთე თავი უკანასკნელი ნაძირალა მეგონა, რომელიც სხვისი უბედურებით ტკბება. არა და რა ვქნა, მიყვარს მზე, სიცხე და სინათლე, მაგრამ საერთოდ თუ ამოვწყდით ქართველი ერი ამ სიცხეებში და შევეწირეთ მზეს, ეგრეც არ მინდა. ხუმრობა იქით იყოს და ჩვენს ქვეყანაში ნორმა არც ამინდმა იცის, არც ადამიანმა.

ერთი კარგი ჭექა-ქუხილი ნამდვილად გამახარებდა ახლა… Continue reading “31 მაისის პოსტი ანუ ზაფხულიც მოვიდა”

გა-დაღლა

Tired-Girl-Canvas-Prints

დაღლა
გადაღლა
ძალის გამოცლა
ყველაფრის ყელში ამოსვლა

არსებობს სიტყვები, რომლებიც ნათლად ასახავენ ჩვენს ემოციებს, გრძნობებს, რომელთა გამოხატვა ზოგჯერ არასასურველი ან უბრალოდ შეუძლებელია.

ამ დროს მრავალგვარი შეგრძნება გაქვს, გიტრიალებს განსხვავებული ფიქრები და სიმწრის სიცილით იხსენებ ბევრ ფაქტს, ადამიანს, წუთებს, როცა საკუთარი თავი მნიშვნელოვანი ან სრულიად უმნიშვნელო გგონია.
არა, ეს დეპრესია არაა; ვერ ვიტან სწორედ მას, მისი პოპულარობის გამო. მე გადაღლაზე ვსაუბრობ, როცა ძალა არ გაქვს ან უბრალოდ აღარ გინდა არაფრის კეთება; მხოლოდ იმიტომ, რომ უკვე იცი შედეგი: არაფრის მომცემი, არაფრის მომტანი, ემოციური და ფსიქოლოგიური კრახი, წნეხი გარემოსა და ადამიანებისაგან.
ეს გადაღლაა. ამოსუნთქვაც, რომ გეზარება ან უბრალოდ არ გსურს. ფიქრობ ადამიანებზე, რომლებსაც მარტივად შეუძლიად დათმონ საკუთარი პრინციპები სურვილების სანაცვლოდ და მერე ქედმაღალი მზერა ისევ შერჩეთ. ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიად ერთი დღე მაინც გაატარონ მშვიდად, უბრალოდ საკუთარი თავისთვის ან საუთარ თავთან. არა, მათ უნდა წაიღონ შენგან სითბო, სიკეთე, ემოცია და “გაგძარცვონ” ასე ურცხვად, მიზეზად კი მეგობრობა მოაქვთ, ან უბრალოდ შენ აძლევ ამის ნებას.
შენ კი იღლები, იღლები ამ ადამიანებისა და საკუთარი თავისაგან. გწყინდება სამყარო, ადამიანები, ალბათ საკუთარი თავიც. განსაკუთრებით ბევრს ფიქრობ იმ, უსახურ სამყაროზე, რომელშიც იძირები, ისე თითქოს მორევი გითრევს და რაც უფრო ბევრს იბრძვი, უფრო ეფლობი. Continue reading “გა-დაღლა”

Happy Birthday To Meeee!!!

Happy-Birthday-To-Me

მას შემდეგ ერთი წელი გავიდა…
უკვე ერთი წლისაა ჩემი ბლოგი, რომელიც წარმოუდგენლად შემიყვარდა!!..♥
მართალია სულ ვწუწუნებ დრო სწრაფად გადისთქო, მაგრამ ამ შემთხვევაში ვერც კი წარმოვიდგენდი ასე მალე თუ მომიწევდა ამ პოსტის დაწერა..
არც ვიცი საიდან უნდა დავიწყო…

ბლოგის შექმნაზე მთელი წელი ვფიქრობდი, ნახევარი წელი ვწუწუნებდი და ბოლოს გადავწყვიტე სხვები თუ არ წაიკითხავენ ჩემთვის მაინც დავწერთო 😀 თუმცა მოვლენები უკეთესად განვითარდა, ვიდრე მოველოდი. არ ვაპირებ კონკრეტული რიცხვებით საუბარს, ვიზიტორების რაოდენობას არ ვუჩივი, რამდენიმე ბლოგერი უკვე მუდმივად კითხულობს ჩემ პოსტებს– მადლობა ხალხნო ♥ ძალიან მიხარია, როცა მართლა მოგწონთ ჩემი პოსტები ან ისეთ რჩევებს მაძლევთ, რაც მეხმარება. ამ ერთი წლის მანძილზე ძალიან არ ვაქტიურობდი, მაგრამ სულ ვცდილობდი რაიმე საინტერესო დამეწერა ^^

პირველი პოსტი 15 იანვარს დავწერე, ძალიან ვნერვიულობდი, თუმცა ნელ–ნელა იმდენად შევეჩვიე ბლოგს, მიკვირს რატომ ვაჭიანურებდი ამდენ ხანს მის შექმნას :))
ერთ–ერთი ყველაზე პოპულარი პოსტი მონიკა ბელუჩიზეა, ქალზე, რომელიც მართლა მიყვარს..
ეს ჩემი ყველაზე საყვარელი პოსტია, რომელიც ორჯერ წამეშალა და მაინც ავკრიბე ^^
გავბედე და დავწერე ე.წ “ებაუთი”, რომელზეც ბევრი ვიფიქრე :))
დავწერე პოსტები სპორტზე, მოდაზე, ფილმზე, პოლიტიკაზე (არ ვაპირებდი, მაგრამ არ გამომივიდა), უნივერსიტეტზე, სოციალურ ქსელებზე, ტრანსპორტზე; მოკლედ ყველაფერზე, რაც მაწუხებდა, რისი მოგვარებაც შესაძლებელია ან უბრალოდ რასაც ვფიქრობდი.. ვეცადე გაგცნობოდით, გამეზიარებინა აზრები, მეჩვენებინა გარემო ჩემი თვალით..
და მე ისევ გავაგრძელებ ამ ყველაფერს, იმედია კიდევ უფრო გააქტიურდებით, უფრო ხშირად მესტუმრებით და წაიკითხავთ ჩემ პოსტებს..
დიდი მადლობა ამ ერთი წლისთვის,
მადლობა, რომ კითხულობთ თქვენთვის დაწერილ პოსტებს,
მადლობა, რომ არ გეზარებათ აზრის გამოხატვა,
სიყვარულით, თქვენი ალუბალი ♥

Happy Birthday To You !!

წინასწარ გაფრთხილებ, რომ ამ პოსტის დაწერას არ ვაპირებდი, იდეა სპონტანურად დაიბადა..

happy-birthday

წინდა, დაო ჩემო
უკვე მოგილოცე, მაგრამ ბანალური ხომ არ ვიქნებოდი ასე უბრალოდ მეთქვა: გილოცავ!
ჰო, კიდე ერთხელ გილოცავ!
შენ ჩემი და კი არა, უფრო მეტი ჩემი სულიერი ტყუპისცალი ხარ; მართალია ზოგჯერ ნერვებს მიშლი, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ორივე ცოცხალი ვრჩებით.
ძალიან მინდა ბედნიერი და წარმატებული იყო; მინდა შენი “უძრავ–მოძრავი” სურვილები აგისრულდეს და შენი გენია ყველამ აღიაროს (შენ მთლად ასეთი ამბიციურიც არ ხარ, მაგრამ იყოს, რა იცი რა ხდება); იმედია ოდესმე სანუკვარი ესპანეთიდან თუ არა, “ციმბირიდან” მაინც დამირეკავ :))

მე შენი მჯერა
და
ძალიან მიყვარხარ!!

წადი შენი !

დიდი ხანია მინდოდა ეს მეთქვა ფართო (არც ისე) აუდიტორიის წინაშე და ახლა ყურადღებით წაიკითხეთ:
სულ არ მაინტერესებს თქვენი აზრი, იმ საკითხებზე, რაც მე მეხება და ისედაც კარგად ვიცი;
ასე, რომ წადით თქვენი უაზრო მორალისტებო, “გრძელცხვირა” ჭორიკნებო და იდიოტო “გენიოსებო”, სხვის საქმეში, რომ ბრძენი ხართ ყველა!!

P.S. გმადლობთ ყურადღებისთვის, ცოტა გულზე მომეშვა.

წვიმით გახალისებული პოსტი


როგორც იქნა გაწვიმდა ! 😀
არასდროს მეგონა თუ პოსტს ოდესმე ასე დავიწყებდი, მზისა და სითბოს ჩემი განსაკუთრებული სიყვარულის გამო, მაგრამ ამ საშინელმა სიცხეებმა ისე დამთრგუნველად იმოქმედა შვებულებაში გასულ მიცვალებულს კინაღამ დავემსგავსე 😀
ზაფხულის წვიმა ხომ კარგია, მაგრამ ამჯერად ბუნებასთან ერთად ჩემი იუმორის გრძნობაც გამოაცოცხლა და წუწუნიც შევწყვიტე ჯერ არ დაწყებული ზაფხულის ნაადრევ, დაუსვენებელ დასრულებაზე; ამიტომ ჩემი არც ისე მყარი გადაწყვეტილება პოსტების წერის შეწყვეტასთან დაკავშირებით გაურკვეველი ვადით გადაიდო.

წვიმასთან დაკავშირებით ჩემი სანუკვარი ოცნება გამახსენდა და ლონდონში ისევ ფოტოებით გავისეირნე, როგორც ყოველთვის.
Continue reading “წვიმით გახალისებული პოსტი”

ციკლიდან : როცა საკუთარ თავს ვკარგავ…

ზაფხულის იმ მშვენიერ დღეებში, როცა არც წვიმს, არც უამინდობაა და მზეც საკმარისად ათბობს გარესამყაროს ადამიანების უმრავლესობა, მათ შორის ჩემი მეზობლებიც ოჯახის სრული შემადგენლობით ითვისებენ ბინის მიმდებარე ტერიტორიებს, რის შედეგადაც მთელი გარემო ბავშვების გამაყრუებელი ხმაურით ივსება.
ამ დროს კი ჩემ მთავარ საზრუნავს მომდევნო დღისთვის ჩასაბარებელი გამოცდა წარმოადგენს, ამიტომაც მთელი ენერგიით ვცდილობ როგორმე საკუთარ თავს მოვერიო და მოვრჩე ამ “ფინალურებს”, მაგრამ აივანზე ხმაურს ვერსად გავურბივარ; ჰოდა ვსუნთქავ ამ ჰაერს, რომელშიც უამრავი ჭორი, ირონია და ბავშვების ჟრიამულია და მეც ჩემდაუნებურად ვხდები ამ ყველაფრის მონაწილე, თუმცა ამ დროს უკვე საკუთარ თავს ვეძებ და ვერსად ვპოულობ,ისე ვერწყმები სივრცეს.

აივნიდან ვაკვირდები ბავშვებს, რომლებიც დაქანცვამდე დარბიან ნახევრადდაფუშული ბურთით და ერთმანეთს ფეხებს ამტვრევენ ტელევიზორში ნანახი რომელიღაც პოპულარული ფეხბურთელის მოძრაობების შესრულების მცდელობაში. ამ დროს ნამდვილი ღრიანცელია, რომელიც შუადღის მზეზე ყოველთვის იკლებს, მაგრამ მოსაღამოვებასთან ერთად ისევ ახლდება.
ამ დროისთვის თამაშში გართულ ბავშვებს ფანჯრიდან მზრუნველი მშობლების ან ბებიების ხმა ესმით, რომლებიც თავიდან თხოვნით, მერე მოთხოვნით, ბოლოს კი წყევლა-კრულით უხმობენ მათ სახლში. მერე გაისმის ათასი ხვეწნა-მუდარა ხუთი წუთით დარჩენასა და ცოტა ხანში სახლში ასვლასთან დაკავშირებით, და როცა იმედი უნდა გადაიწურონ სწორედ ის საძულველი სერიალები შველით, მათი ოჯახის წევრებს ასე რომ იზიდავს. ამის შემდეგ კი “დროებით მივიწყებული შვილები” უკვე ლამპიონების შუქზე განაგრძობენ სპორტის რომელიმე სახეობით ტკბობას..
ამჯერად გართობა დიდხანს აღარ გრძელდება, დაღლილობის გამო და თვითონვე იფანტებიან საკუთარ სახლებში სიმშვიდის საძებნელად… მერე გარემო კიდევ უფრო წყნარდება, ჰაერი მძიმდება და ამ სიჩუმეში ვხვდები, რომ იმდენი ხანია ვიპოვე საკუთარი თავი დამავიწყდა კიდეც..