ფამუქისეული სტამბოლი და ჩემი შეხედულებები

DSCN3222

გამომდინარე იქედან, რომ უახლოესი დღეები მონოტონურად მიედინება და სიახლეც არაფერი ჩანს ჰორიზონტზე, კარგა ხნის წინ ჩაფიქრებული პოსტის დასრულება გადავწყვიტე. პოსტი ჩემი თვალით დანახულ ორჰან ფამუქის სტამბოლსა და შეხედულებებს ეხება, რომელმაც ერთგვარი შთაბეჭდილების მოხდენა შეძლო, რის გამოც დაწერა გადამაწყვეტინა.

სანამ წავიკითხავდი, მანამდე იმდენი დადებითი შევიტყვე წიგნის შესახებ, რომ თავიდანვე კრიტიკის თვალით მივუდექი, თუმცა მოგვიანებით ლმობიერება გამოვიჩინე და გულწრფელად ვაღიარე მწერლის გამბედაობა, სააშკარაოზე გამოეტანა თავისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი დეტალები: ესაუბრა საკუთარ თავზე, გრძნობებზე, ოჯახზე, მშობლებზე, რომელთა გაუჩინარებები სასაცილოც კი არ იყო; საკუთარ სახლზე, რომელსაც მუზეუმს ადარებს და ალბათ სხვაგვარად ვერც წარმოგიდგება თუ გონებას დაძაბავ; ნათესავებსა და ნაცნობებზე, გარემოსა და ქალაქზე, უფრო ბევრი კი მის წარსულ ბრწყინვალებაზე. წიგნი პირადი დღიურივითაა, რომელშიც ავტორის აზრებს, განცდებს და ემოციებს კითხულობ, ზოგჯერ კი იზიარებ მას. მაგალითად შეიძლება მოვიყვანო, რამდენიმე მეტად საინტერესო ნაწყვეტი:
“მოსაზრება,რომ მხოლოდ განათლებით შეიძლება წარმატებას მიაღწიო, იმპერიასთან,სუფიურ მისტიციზმთან,დერვიშების სავანეებსა და ძველი,არაბული ასოებით დაწერილი წიგნის კითხვის შესაძლებლობასთან–მთელ ამ დახვეწილ კულტურასთან ერთად, წარსულს ჩაბარდა.” Continue reading “ფამუქისეული სტამბოლი და ჩემი შეხედულებები”

Advertisements

მადლიერების დღის ლოცვა

william-burroughs

ჯონ დილიჯერს,
იმ იმედით, რომ ჯერაც ცოცხალია,
მადლიერების დღე, 28 ნოემბერი, 1986

მადლობას გიხდი გარეული ინდაურისა და საფოსტო მტრედის გამო, რომლებსაც ბედად ჯანსაღი ამერიკული ნაწლავების ამოტენა ერგოთ _

მადლობას გიხდი ამ მძარცველი და მავნებელი კონტინენტისთვის _

მადლობას გიხდი სულ ოდნავ ჭირვეული და საშიში ინდიელების გამო _

მადლობას გიხდი ბიზონების თვალუწვდენელი ჯოგისთვის, რომლებიც შეგვიძლია დავკლათ და გავატყავოთ, შიგნეული კი გადავყაროთ, რათა გაიხრწნას _

მადლობას გიხდი უხვად მომადლებული მგლებისა და კოიოტებისათვის _

მადლობას გიხდი ამერიკული ოცნებისათვის, რომელიც იმდენად გაახუნეს და გაცრიცეს, რომ ურცხვი ტყუილიღა გამოკრთის მისგან _

მადლობას გიხდი კუ-კლუქს-კლანისთვის, ზანგების მკვლელი პოლიციელების ორდენებისთვის, ეკლესიაში მოსიარულე კდემამოსილი ქალების მოკრძალებული, წაწვეტებული, გესლიანი, ბოროტი სახეებისთვის _

მადლობას გიხდი ლოზუნგისათვის ,,მოკალი გეი ქრისტეს სახელით” _

მადლობელი ვარ ლაბორატორიულად გამოყვანილი შიდსის გამო _

მადლობას გიხდი მშრალი კანონისა და ნარკოტიკების საწინააღმდეგო კამპანიისთვის _

მადლობას გიხდი ქვეყნისათვის, რომელშიც არავის ანებებენ საკუთარი საქმის კეთებას _

მადლობას გიხდი ჩამშვებების ერისთვის, _ დიახ, მადლობა ყველა მოგონებისთვის. . . . აბა, მიჩვენე შენი ხელები.

. . მუდამ ხათაბალა იყავი და მუდამ თავს მაბეზრებდი _

მადლობას გიხდი უკანასკნელი და უდიდესი ადამიანური ოცნების უკანასკნელი და უდიდესი ღალატისათვის.

ავტორი: უილიამ ბეროუზი
თარგმანი: ანი კოპალიანი