რეი ბრედბერი – ტანმოხატული კაცი

IllustratedMan-FINAL_11

“ფანტაზია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცოდნა. ცოდნას საზღვრები აქვს, ფანტაზია კი თავისი უსაზღვროებით ქმნის ევოლუციას.”

ბრედბერის ფანტაზიას რომ საზღვრები არ აქვს, ახალი ამბავი არ უნდა იყოს ფანტასტიკის მოყვარული მკითხველისთვის, მაგრამ ასეთი მრავალფეროვნება და გასაოცარი ამბების კორიანტელი ნამდვილად თავბრუს დაგახვევთ.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ეს ერთი ტანმოხატული კაცის სხეულზე მომავალში მომხდარი ამბებია; ნახატები კი იმდენად თვალწარმტაცი და არაჩვეულებრივია თავისი რეალურობით, რომ მაშინვე იპყრობს მნახველის ყურადღებას, თუმცა ღამით აშინებს კიდეც, რადგან ცოცხლდებიან…
არ მოგეჩვენათ, მართლა ასე ვთქვი, ცოცხლდებიან! მოძრაობას იწყებენ და სათითაოდ ყვებიან სხვადასხვა ამბავს.

შეგიძლიათ სულ თავიდან დაიწყოთ, მშვენიერი სახლით, რომელიც ყველაფერს თავად აკეთებს: ალაგებს, სადილს ამზადებს, ბავშვებს თასმებსაც კი უკრავს და არაჩვეულებრივ ადგილებში გამოგზაურებთ. ეს ნამდვილი “ბედნიერების სახლია”, თუმცა ჰადლების წყვილისთვის არც ისე ბედნიერი.
შავკანიანებით დასახლებულ მარსზე რას იტყვით? ისინი დედამიწიდან გაიქცნენ, მშვიდად დასახლდნენ ჩაგვრისგან და შეურაცხყოფისგან შორს, ახლა კი თეთრკანიანები მიდიან მათთან დახმარების სათხოვნელად.
როგორი წარმოგიდგენიათ მსოფლიო ომის ქარ–ცეცხლში? ნიუ–იორკის, პარიზის, ლონდონის, შანჰაის და სხვა დიდი ქალაქების გარეშე?

ახლა კოსმოსზე და კოსმონავტების ამბებზე რაღას იტყვით? ერთმანეთისგან განსხვავებული, მრავალფეროვანი, სევდიანი და იმედიანი. მუდამ წვიმიანი ვენერა, კოსმონავტებისთვის თავშესაფრად აგებული მზიანი გუმბათებით. ისევ მარსი და მარსელები. კოსმოსში მომხდარი აფეთქება და სივრცეში გაბნეული ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა პლანეტებისკენ მიქრიან. “მატყუარა” კოსმოსური ხომალდი ბავშვებისთვის და მუდამ სიმშვიდის ძებნაში დაღლილი კაპიტანი. დედამიწაზე დაბრუნების ოცნება და კიდევ უამრავი ასეთი.
დროში მოგზაურობა და რობოტი–ორეულები? (გაგეცინათ ალბათ) ეს ხომ ყველა ადამიანის ახდენილი ოცნება იქნებოდა, მაგრამ ნუ იჩქარებთ. იქნებ უკეთესია ჩვენი საქმე თავად ვაკეთოთ, ისე როგორც ახლა.
სამყაროს აღსასრული, განკითხვის ჟამი და ახალი მსოფლიო წყობა ხომ ცალკე აღმოჩენაა. დედამიწის დაპყრობის მსურველი უცხოპლანეტელები და აჯანყებული ცხრა წლამდე ბავშვები. “შურისმაძიებელი ქალაქი”, რომელიც დედამიწელების გასანადგურებლად ისევ მათ იყენებს, ოღონდ, თითბრის გულებით და ვერცხლის ორგანოებით შექმნილს.
საიდანაც უნდა დაიწყოთ, თქვენს წინაშე ყოველთვის ფანტასტიური ამბები გადაიშლება, თქვენ კი შეგიძლიათ ამ ყველაფრით აღფრთოვანდეთ და კითხვა განაგრძოთ.

ამ თითქოს მარტივი, დიდებისთვის დაწერილი ზღაპრების ქვეტექსტების ამოცნობა ერთი სიამოვნებაა, ღიმილთან ერთად შიშსაც მოგგვრით და გულწრფელად დაფიქრდებით მომავალზე.
მოკლედ, აქ ყველაფერი ბევრია: მრავალფეროვანი სიუჟეტი, უცნაური,მაგრამ ფანტასტიური, საშიში და აღმაშფოთებელი ამბებიც კი, გალაქტიკის საზრუნავებით დატვირთული მომავლის ადამიანები, სევდა და მონატრება, ომები და კოსმოსი, სივრცე და გალაქტიკა… მაგრამ ერთი ტანმოხატული კაცი, რომლის ზურგზეც კიდევ ერთი ლაქა უცნაურად მოძრაობს…

“მარჯი,ჩქარა,სარდაფში გაიქეცი!… გვბომბავენ!”

DSCN051144

პოსტი დაწერილია სპეციალურად თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მიერ გამოცხადებული ბლოგერების კონკურსისთვის.

წარმოიდგინეთ, თქვენ რომ ათი წლის გოგონა იყოთ, რომელიც რევოლუციამდელ ირანში ფრანგულ სკოლაში სწავლობს, ჰყავს მეგობრები, არაჩვეულებრივი მშობლები და არაფერია აკრძალული. ცოტა ხანში კი იძულებული ხდება თავსაბურავი ატაროს, კლასელ ბიჭებთან ლაპარაკიც კი საშიში გახდეს, ქუჩებში დემონსტრაციები, მკვლელობები და ქვეყანაში ომი დაიწყოს…
მაშ ასე, ეს მარჯან სატრაპის ისტორიაა. ირანელი პატარა გოგონასი, რომელიც ომს გაექცა და საკუთარი თავის საპოვნელად ისევ მას დაუბრუნდა. მართალია მარჯი ფიზიკურად არ იბრძოდა, არც იარაღი სჭერია ხელში, მაგრამ ყოველთვის აპროტესტებდა უსამართლობას და ამის გამო ხშირად შარშიც ეხვეოდა, მაგრამ მაინც არ წყვეტდა ბრძოლას… ბრძოლას დამოუკიდებლობისა და პიროვნული განვითარებისთვის.
მან ბევრი გადაიტანა…ძალიან ბევრიც კი… ცუდი გზითაც იარა და სისულელეებიც ჩაიდინა, მაგრამ განა გააანალიზებ შეცდომას თუ ის არ დაუშვი? სწორედ ამის გამო არ დართო მამამ ქორწინების ნება, თუმცა კი იცოდა, რომ ეს ქორწინება აუცილებლად კრახით დასრულდებოდა?
მარჯანი წარჩინებული ოჯახის შვილი, ირანის ელიტის წარმომადგენელი და ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრობი გოგოა, რომელსაც მამის კადილაკით სიარული სცხვენოდა და ამის გამო ბრძოლას აპირებდა, არც ის მოსწონდა მათი მოახლე მარტო რომ სადილობდა, ცალკე მაგიდასთან და არც ის ბებიას სახსრების ტკივილი რომ სტანჯავდა.
სწორედ ამის გამო უნდოდა წინასწარმეტყველი გამხდარიყო…
მაგრამ ეს ბავშვობაში, სანამ ფრჩხილის ლაქი, ჯინსები და კედები შემაძრწუნებელ დანაშაულს არ წარმოადგენდა. მეგობრებთან ერთად შეკრება ხომ ფუნდამენტალისტი ირანელებისთვის დანაშაულის უმაღლესი ფორმა იყო, განსაკუთრებით თუ თან ღვინო და კარგი მუსიკა მოგეპოვებოდათ…
ის კეთილი გოგონა იყო. ბევრი ფიქრით დატვირთული, რომელიც ღმერთს იმიტომ გაუბრაზდა, რომ ბიძიის დაკარგვა არ უნდოდა.
14 წლის ასაკში კი საკუთარი თავის ამარა დარჩა უცხო ქვეყანაში. მერე იყო ახალი სამყარო, მეგობრები, სიყვარული, მოსაწევი, “ბოსტნეულად” ქცევა და იმედგაცრუებების მთელი ჯარი. მოკლედ, ევროპის შესისხლხორცება სცადა და ლამის ფატალურად დაასრულა სიცოცხლე, მაგრამ მაინც შეძლო ბრძოლა, ამჯერად საკუთარ თავთან და მოახერხა ჩამოყალიბებულიყო წარმატებულ, შემდგარ და საინტერესო პიროვნებად.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ეს მარჯან სატრაპის “პერსეპოლია” – პატარა გოგონა, დიდი ისტორიით, ბევრი ცრემლით, იმედგაცრუებით, შიშით და შეცდომებით, ომით და ჭრილობებით, მაგრამ ამავდროულად იმედებით, ცოდნით და წინააღმდეგობებით სავსე ქალი.