გა-დაღლა

Tired-Girl-Canvas-Prints

დაღლა
გადაღლა
ძალის გამოცლა
ყველაფრის ყელში ამოსვლა

არსებობს სიტყვები, რომლებიც ნათლად ასახავენ ჩვენს ემოციებს, გრძნობებს, რომელთა გამოხატვა ზოგჯერ არასასურველი ან უბრალოდ შეუძლებელია.

ამ დროს მრავალგვარი შეგრძნება გაქვს, გიტრიალებს განსხვავებული ფიქრები და სიმწრის სიცილით იხსენებ ბევრ ფაქტს, ადამიანს, წუთებს, როცა საკუთარი თავი მნიშვნელოვანი ან სრულიად უმნიშვნელო გგონია.
არა, ეს დეპრესია არაა; ვერ ვიტან სწორედ მას, მისი პოპულარობის გამო. მე გადაღლაზე ვსაუბრობ, როცა ძალა არ გაქვს ან უბრალოდ აღარ გინდა არაფრის კეთება; მხოლოდ იმიტომ, რომ უკვე იცი შედეგი: არაფრის მომცემი, არაფრის მომტანი, ემოციური და ფსიქოლოგიური კრახი, წნეხი გარემოსა და ადამიანებისაგან.
ეს გადაღლაა. ამოსუნთქვაც, რომ გეზარება ან უბრალოდ არ გსურს. ფიქრობ ადამიანებზე, რომლებსაც მარტივად შეუძლიად დათმონ საკუთარი პრინციპები სურვილების სანაცვლოდ და მერე ქედმაღალი მზერა ისევ შერჩეთ. ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიად ერთი დღე მაინც გაატარონ მშვიდად, უბრალოდ საკუთარი თავისთვის ან საუთარ თავთან. არა, მათ უნდა წაიღონ შენგან სითბო, სიკეთე, ემოცია და “გაგძარცვონ” ასე ურცხვად, მიზეზად კი მეგობრობა მოაქვთ, ან უბრალოდ შენ აძლევ ამის ნებას.
შენ კი იღლები, იღლები ამ ადამიანებისა და საკუთარი თავისაგან. გწყინდება სამყარო, ადამიანები, ალბათ საკუთარი თავიც. განსაკუთრებით ბევრს ფიქრობ იმ, უსახურ სამყაროზე, რომელშიც იძირები, ისე თითქოს მორევი გითრევს და რაც უფრო ბევრს იბრძვი, უფრო ეფლობი.
ეს გადაღლაა, როცა აღარ გინდა დაინახო ნაცრისფერი ყოველდღიურობა; მძაფრად განიცადო ერთფეროვნება; დაინახო “გადარჯულებული” ადამიანები, განსაკუთრებით გაბოზებული გოგოები და გაქალაჩუნებული ბიჭები; არ გინდა გაიხსენო ისინი, რომლებსაც შეუძლიად მთელი ურთიერთობის წამებში მოსპობა; უბრალოდ, მარტივად დაიკიდო ფეხებზე, სწორედ მათი ადამიანობის გათვალისწინებით; არ გინდა გაიხსენო მეგობრები, ადამიანები, რომლებსაც ენდობი და ზოგჯერ ეჭვი გეპარება ყველაფერში, თუნდაც მათ ღიმილში; არ გინდა იფიქრო ამ პოსტზეც კი, რომელიც წინასწარაა განწირული “მარტოობისთვის”, მთელი ტრაგიკულობით.
ეს გადაღლაა, როცა ცდილობ ძალა მოიკრიბო, გააგრძელო ჩვეული ცხოვრება, თუმცა ისე ანელებ ნაბიჯს გზაზე გადასვლისას, რომ შეიძლება იმ იდიოტმა მძღოლმა, რომელიც თავის ახალ მანქანას “ამარიაჟებს”, აუღელვებლად დაგარტყას. მართლა ცდილობ ძალის მოკრებას იმით, რომ იხსენებ ე.წ ბედნიერ წუთებს, საყვარელ ადამიანებს, რომელთა იმედი ჯერ კიდევ არ დაგიკარგავს. ხვდები, რომ უკეთესია შეეგუო კონკრეტულს და გააკეთო რაღაც ახალი.
მერე აგრძელებ ამ ყველაფერს, ამხნევებ საკუთარ თავს, ხუჭავ თვალებს ბევრ აუტანელ ფაქტზე, მაგრამ მომდევნო გადაღლამდე იცი, რომ არც ისე ცუდადაა საქმე (მშვიდად ხარ). იცი, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შენზე მეტი პრობლემა, უფრო აუტანელი გარემო და მეტი აუხდენელი სურვილები აქვთ. ასეთი ფიქრებით იტვირთავ თავს და რაღაც დროის მანძილზე იბრუნებ ძალას, მხნეობას და ენერგიას.
მერე ისევ ბრუნდება ის გრძნობა… ისევ აუტანელი გარემო, მეგობრები, ახლობლები, უბრალო ნაცნობები, პრობლემები, სამყარო…
სიცარიელე…
და მაინც
ეს გადაღლაა…

3 thoughts on “გა-დაღლა

Leave a reply to მაგა რაიუელა კომენტარის გაუქმება