ყველაზე მოთხოვნადი ადგილი

16783_387779191311638_98981995_n 

მას შემდეგ, რაც ადამიანი სტუდენტი ხდება, უნივერსიტეტთან ერთად ბიბლიოთეკაც მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მითუმეტეს, როცა სასურველი წიგნის პოვნა ყოველთვის შეგიძლია. ბიბლიოთეკა ყველაზე მოთხოვნადი ადგილია მთელ უნივერსიტეტში. დღის განმავლობაში იმდენი ადამიანი მოძრაობს, რომ შეიძლება უზარმაზარ რიგებსაც წააწყდე; სტუდენტები კი საკუთარი რიგის მოლოდონში ზოგჯერ წუწუნით, ზოგჯერ კი მხიარული საუბრით ცდილობენ დროის გაყვანას.

ბიბლიოთეკის ასეთი პოპულარობიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ სტუდენტებისთვის მიგვემართა კითხვით: რამდენად ხშირად სარგებლობთ ბიბლიოთეკით და ხართ თუ არა კმაყოფილი ?

-მე მესამე კურსელი ვარ და საკმაოდ ხშირად ვსარგებლობ ბიბლიოთეკით. მეგობარმა გამაცნო წიგნების არსებული მარაგი და ძალიან კარგი მხატვრული ლიტერატურაა, მაგრამ სასწავლო კურსის წიგნები არც ისე ბევრია, სამწუხაროდ.

-საკმაოდ ხშირად დავდივარ ბიბლიოთეკაში, აღფრთოვანებული არ ვარ ნამდვილად, არის მცირე ხარვეზები, მაგალითად უხეში პასუხები, რომელიც ალბათ გამოსწორებადია. რაც შეეხება წიგნებს ძალიან კმაყოფილი ვარ, მე რაც მჭირდება ყველაფერია.

-ბიბლიოთეკის აქტიური მომხმარებელი ვარ და ძალიან თბილად გვხვდებიან , წიგნები გამოსატანად თუ არა ქსეროქსისთვის მაინც არის, მაგრამ უფრო მეტი რაოდენობით, რომ იყოს კარგი იქნება.

-თითქმის ყოველდღე დავდივარ ბიბლიოთეკაში, მაგრამ წიგნით ვერასდროს ვერ გამოვედი უკან. მართალია ბევრი ხალხია ყოველთვის, მაგრამ პრობლემა ბიბლიოთეკარების დამოკიდებულებაა, ისე გეჩხუბებიან გეგონება გჩუქნიან წიგნს. ერთხელ ასეთი შემთხვევაც მქონდა, როცა წიგნზე ვეკითხებოდი გაბრაზებულმა მიპასუხა: მაგის დრო მაქვს ახლაო?

-ხშირად არ დავდივარ, მაგრამ წელს არცერთი წიგნი არ დამხვდა გამოსატანად.

-ყოველკვირას ვაკითხავ ბიბლიოთეკას და კმაყოფილი მეტ-ნაკლებად ვარ. სასურველია მეტი წიგნი ჰქონდეთ, ზოგჯერ ერთი-ორი ეგზემპლარი აქვთ მარტო.

-ძალიან კმაყოფილი ვარ ბიბლიოთეკით, ორი წლის მანძილზე არ მახსოვს შემთხვევა, როცა ჩემთვის სასურველი წიგნი ვერ მეპოვოს.

-უკვე მაგისტრანტი ვარ და მთელი სტუდენტობის მანძილზე ინტენსიურად ვიყენებ ბიბლიოთეკას, ამ დროის მანძილზე ერთხელაც არ მქონია არანაირი პრობლემა, ძალიან კმაყოფილი ვარ.

-არ ვარ კმაყოფილი, არაა ბიზნესზე საკმარისი წიგნები არასდროს.

-საჯაროში უფრო დავდივარ, აქედან არ მატნევენ წიგნებს.

-რამდენჯერმე დამჭირდა წიგნი, არ ჰქონდათ არასდროს და აღარც მივსულვარ მერე.

-მეორე წელია ვსარგებლობ ბიბლიოთეკით და კმაყოფილი ვარ. მთავარია დროზე მიხვიდე, რომ წიგნის გამოტანა შეძლო, ქსეროქსისთვის სულ არის ერთი წიგნი.

-ძირითადად ქსეროქსის გაკეთება მიწევს, მაგრამ კმაყოფილი ვარ ეგ მაინც, რომ არის.

-სამი წლის მანძილზე ერთი წიგნის გამოტანაც კი ვერ მოვახერხე და კმაყოფილი ვიქნები, ვითომ?

-უნივერსიტეტის ბიბლიოთეკით როცა ვისარგებლე, ნახევარი არ გამომადგა. იურიდიულზე ვსწავლობ და ძველი კოდექსებია, რომელიც აღარ გვადგება.

-შარშან უფრო ვიყავი კმაყოფილი, ყველა წიგნი მქონდა გამოტანილი. წელს ქსეროქსებს დავჯერდი, სხვა გზა, რომ აღარ მქონდა.

-ძალიან ხშირად ვსარგებლობ , როგორც სასწავლო წიგნებით, ასევე მხატვრული ლიტერატურითაც და კმაყოფილი ვარ. ყურადღებიანი და გულისხმიერი ხალხია.

-ხშირად ვსარგებლობ და გადასარევი სიტუაციაა, ნამდვილად.

ამის შემდეგ, სასაუბროდ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორს, ბატონ გიორგი ჭიჭინაძეს ვესტუმრეთ, რომელმაც ბევრი საინტერესო სიახლე გაგვაცნო.

-რამდენი ხანია, რაც ამ თანამდებობაზე მუშაობთ?

ბიბლიოთეკაში სტუდენტობის პერიოდიდან ვმუშაობ, უკვე 12 წელია. ამ თანამდებობაზე 2007 წლის 10 მაისიდან ამირჩია საბჭომ.

-როგორც ხელმძღვანელი, როგორ შეაფასებთ ჩვენი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას?

უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ საკმაოდ დიდი ევოლუცია განიცადა, პოსტსაბჭოთა სტრუქტურიდან შედარებით თანამედროვე ტექნოლოგიებზე გადავიდა, რომლის გარეშეც ბიბლიოთეკა ვერ განვითარდება.
ჩვენ გვაქვს სიახლე, ელექტრონული კატალოგის სახით,რომელიც არის ინტეგრირებული ანუ ერთი ფანჯრის სისტემა, ნებისმიერი კომპიუტერიდან შეიძლება აქ შესვლა დ სასურველი მასალის მოძიება. წელს უკვე ნებისმიერ აბონენტს შეუძლია დარეგისტრირდეს და ონლაინ რეჟიმში, ბიბლიოთეკაში მიუსვლელად, მოძებნოს სასურველი წიგნი, ასევე შესაძლებელია მისი დაჯავშნა და სასურველ დროს გატანა.
უნივერსიტეტში ინერგება ის, რომ წიგნების ბეჭდურ მასალასთან ერთად ელ.ვერსიები იქმნება, რომელსაც სამკითხველო დარბაზების კომპიუტერებში ჩავტვირთავთ,საიდანაც სტუდენტი შეძლებს მის შესაბამის გამოყენებას. ჩვენ, ჩვეულებრივ გვაქვს სამი უდიდესი ბაზა: კემბიჯის ჟურნალების, ექსკოს და მედლაინი, სადაც შეგიძლიათ მოიძიოთ ნებისმიერი ლიტერატურა; მასთან ინტეგრირებულია „გუგლ ბუქი“ ანუ როცა თქვენ ახორციელებთ ძებნას, ის ასევე გიძებნით გუგლში, რის შემდეგაც შეგიძლიათ შეიძინოთ არ წაიკითხოთ სასურველი ინფორმაცია.
ასევე ამოქმედდა ჰიგიენისა და რესტავრაციის ფუნქციები, რომელიც გულისხმობს ძველი, უნიკალური წიგნების განახლებასა და შენარჩუნებას.

-რამდენად ხშირად სარგებლობენ სტუდენტები ბიბლიოთეკით?

წელს სტუდენტები ძალიან დიდი მაჩვენებლით შემოვიდნენ დასარეგისტრირებლად, აქამდე ასეთი მაჩვენებლი არ ყოფილა. თავისთავად დიდია მოთხოვნა, შესაბამისად ჩვენც ვცდილობთ, რომ ყველა წიგნის შეძენა მოვახერხოთ. ასევე სტუდენტს შეუძლია მოგვმართოს მისთვის სასურველი წიგნის არ არსებობის შემთხვევაში.

-ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, სტუდენტები ყველაზე მეტად არასაკმარისი წიგნების რაოდენობის გამო გამოთქვამენ უკმაყოფილებას. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?

საკმარისი რაოდენობის წიგნი ვერცერთ ბიბლიოთეკაში ვერ იქნება, მითუმეტეს ჩვენთან, მაგრამ ჩვენი ბიბლიოთეკა ერთ-ერთი უდიდესია, ის მილიონზე მეტ ერთეულს ითვლის და აქ ყველანაირი წიგნია(მხატვრული, სასწავლო-სამეცნიერო და ა.შ). სწორედ ამის აღმოსაფხვრელად კეთდება ელ. ბიბლიოთეკა, რომელსაც ერთი დიდი პლიუსი აქვს: ბიბლიოთეკარი-აბონენტის კონტროლი. როცა ბიბლიოთეკიდან მიაქვთ წიგნი, ზოგჯერ წლების მანძილზე იტოვებენ სახლში, მაგრამ ახლა თქვენ თვითონ მიუთითებთ პროგრამაში განსაზღვრულ დროს, რომლის გასვლის შემდეგ იღებთ შეტყობინებას, რომ წიგნი გაქვთ დასაბრუნებელი, თუ ამას უგულებელყოფთ ავტომატურად იწყება ათვლა და ყოველ გადაცდენილ პერიოდზე დაირიცხება ჯარიმა.

-გაქვთ თუ არა ცალკე ბიუჯეტი და რა სიხშირით ანახლებთ ბიბლიოთეკას?

ყოველ წელს ბიუჯეტში არის ჩადებული წიგნების და პერიოდული მასალების შესაძენად სპეციალური თანხა. წელს ძალიან მაღალი თანხაა გამოყოფილი: წიგნები-76 000 ლარი, პერიოდიკა- 25 000 ლარი. ეს რაც ჩვენი ბიუჯეტითაა განსაზღვრული, მაგრამ კიდევ უამრავი დონაციები და პროექტებია, რომლებიც დღესაც მიმდინარეობს.

-ამ ზაფხულს სტუდენტურ სამუშაოებზე გყავდათ დასაქმებული სტუდენტები, რა სამუშაო შეასრულეს და რამდენად კმაყოფილი ხართ მათი მუშაობით?

ძალიან კმაყოფილი ვარ მათი მუშაობით, მათ ყველაფერი პირნათლად შეასრულეს, რაც ევალებოდათ და რაც მთავარია გაიგეს ბიბლიოთეკის მუშაობის სტრუქტურა.
სტუდენტები სამ ჯგუფად დავყავით: ერთი ჯგუფი მუშაობდა კომპიუტერთან; ისინი საინვენტარო წიგნების ელ.ვერსიებს აკეთებდნენ. მეორე ჯგუფი ბეჭდური კატალოგის ბარათების გამრავლება-შესწორებით იყო დაკავებული. მესამე ჯგუფი კი უშუალოდ ბიბლიოთეკას ალაგებდა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობას ვუხდი სტუდენტებს გაწეული შრომისთვის.

-რა პრობლემები აქვს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას და როგორ აპირებთ მოგვარებას?

პრობლემა ყველგანაა, სადაც რაიმე კეთდება, მაგრამ ისეთი მდგომარეობა ნამდვილად აღარ არის, რაც მემკვიდერეობით გვერგო. პრობლემები არის, თუნდაც კომუნიკაციის, მაგამ ეს ყველაფერი დაძლევადია. ადრე ბიბლიოთეკა მინუსებში იყო, ახლა კი ხელფასების ზრდა მოხდა, რაც ძალიან კარგია, რადგან ბიბლიოთეკარი უნივერსიტეტის საყრდენია და საჭიროებს შესაბამის ანაზღაურებას. დღესდღეობით თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბიბლიოთეკა პროგრესირებს და წარმატებულად ვითარდება.

-რამდენი თანამშრომელი გყავთ?

ბიბლიოთეკა უნივერსიტეტის გაზრდასთან ერთად გაიზარდა, რადგან,როგორც იცით, გეპეი და სუბტროპიკული უნივერსიტეტები შემოგვიერთდა. დღესდღეობით გვყავს, როგორც შტატიანი თანამშრომელი, ასევე ხელშეკრულებით მომუშავე, საერთო ჯამში ორმოცამდე.

-როგორ ხდება თანამშრომლების აყვანა? შესაძლებელია თუ არა სტუდენტი დაასაქმოთ?

მე სტუდენტი ვიყავი, როცა ამიყვანეს და სასიამოვნოა, როცა კურსდამთავრებულს სურვილი აქვს ბიბლიოთეკაში მუშაობის. ზოგს ჰგონია, რომ ბიბლიოთეკა მხოლოდ წიგნებია, მაგრამ ის ყველაზე დიდი ინფორმაციული ბირთვია და სწორად დაკომპლექტებულ თანამშრომლებს ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ჩავატარეთ კონკურსი, რომელშიც ყველას შეეძლო მონაწილეობის მიღება და შემოვიდნენ ისეთი ახალგაზრდები, რომლებმაც იციან უცხო ენა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, ანუ გუნდი, რომელიც ახალ პროექტებზე იმუშავებს.

-რატომ დაიხურა პირველი კორპუსის სამკითხველო?

რადგან კლუბი მთლიანად რემონტდება მოხდა კარების რესტავრაცია, რის გამოც მათი მოძრაობა არ შეიძლება. ასევე დაგეგმილია სწორედ ამ სამკითხველოს გარემონტებაც.

-რადგან უცხოელი სტუდენტები შემოვიდნენ დასჭირდებათ თუ არა განსაზღვრული ლიტერატურა და რას აპირებთ ამასთან დაკავშირებით?

ის ლიტერატურა, რომელიც პირველი ეტაპისთვის ესაჭიროებათ უკვე არის ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს სპეციალურად მათთვის შევიძენთ ელ. ვერსიებს იმ წიგნებისას, რომელიც საჭიროა და ინტერნეტ ბიბლიოთეკის შექმნის შემდეგ ჩაიტვირთება კომპიუტერებში.

-კიდევ იგეგმება თუ არა რაიმე სიახლე?

სიახლე ყოველთვის იქნება, რადგან ბიბლიოთეკა არის სწრაფად განვითარებადი ორგანო, რომელშიც მუდმივად იცვლება რაღაც. რაც მთავარია სტუდენტები უნდა იყვნენ აქტიურად ჩართულები საბიბლიოთეკო ცხოვრებაში, გამოხატონ თავიანთი მოწონება ან შენიშვნა.

-და ბოლოს რას უსურვებთ სტუდენტებს?

პირველ რიგში წარმატებებს. სტუდენტური ცხოვრება ძალიან განსხვავებულია, მინდა, რომ ხალისიანი, ბედნიერი და წარმატებული სტუდენტობა გქონდეთ, ამაზე ძალიან არის დამოკიდებული თქვენი მომავალი. მინდა, რომ აქტიურები და მიზანმიმართულები იყოთ, ისიამოვნეთ სტუდენტური ცხოვრებით.

რაც შეეხება ბიბლიოთეკარებს, კითხვაზე: როგორია სტუდენტთა აქტივობა? ასე გვიპასუხეს:

ცისანა ჯოხაძე: სტუდენტები აქტიურად მუშაობენ, ძირითადად ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტები შემოდიან, რადგან ამ ფაკულტეტის ლიტერატურა გვაქვს.ითხოვენ, როგორც ქართულ, ასევე უცხოურ წიგნებს.ხშირად ძალიან გადატვირთულები ვართ, ზოგჯერ საჭიროა რაღაც ქცევის ნორმებზე მიუთითო, თუმცა საერთო ჯამში კარგი სტუდენტები არიან და კარგად იქცევიან.

მზია მაჭარაშვილი (განყოფილების გამგე) : უნდა ავღნიშნო, რომ წელს განსაკუთრებით კარგი სტუდენტები მივიღეთ. სიტუაცია ძალიან მოწესრიგებულია, წიგნების დაგვიანებაც იშვიათია, რადგან შესაბამის ზომებს ვიღებთ მსგავსი სიტუაციის გასაკონტრლებლად. ძალიან გვიყვარს ჩვენი სტუდენტები, კარგი გოგო-ბიჭები არიან. ისინი, რომ არ იყვნენ, არც ჩვენ ვიქნებოდით საჭირო.

სტატია გამოქვეყნებულია ჟურნალ “სტუდენტობაში”..

Advertisements

2 thoughts on “ყველაზე მოთხოვნადი ადგილი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s