ციკლიდან : როცა საკუთარ თავს ვკარგავ…

ზაფხულის იმ მშვენიერ დღეებში, როცა არც წვიმს, არც უამინდობაა და მზეც საკმარისად ათბობს გარესამყაროს ადამიანების უმრავლესობა, მათ შორის ჩემი მეზობლებიც ოჯახის სრული შემადგენლობით ითვისებენ ბინის მიმდებარე ტერიტორიებს, რის შედეგადაც მთელი გარემო ბავშვების გამაყრუებელი ხმაურით ივსება.
ამ დროს კი ჩემ მთავარ საზრუნავს მომდევნო დღისთვის ჩასაბარებელი გამოცდა წარმოადგენს, ამიტომაც მთელი ენერგიით ვცდილობ როგორმე საკუთარ თავს მოვერიო და მოვრჩე ამ “ფინალურებს”, მაგრამ აივანზე ხმაურს ვერსად გავურბივარ; ჰოდა ვსუნთქავ ამ ჰაერს, რომელშიც უამრავი ჭორი, ირონია და ბავშვების ჟრიამულია და მეც ჩემდაუნებურად ვხდები ამ ყველაფრის მონაწილე, თუმცა ამ დროს უკვე საკუთარ თავს ვეძებ და ვერსად ვპოულობ,ისე ვერწყმები სივრცეს.

აივნიდან ვაკვირდები ბავშვებს, რომლებიც დაქანცვამდე დარბიან ნახევრადდაფუშული ბურთით და ერთმანეთს ფეხებს ამტვრევენ ტელევიზორში ნანახი რომელიღაც პოპულარული ფეხბურთელის მოძრაობების შესრულების მცდელობაში. ამ დროს ნამდვილი ღრიანცელია, რომელიც შუადღის მზეზე ყოველთვის იკლებს, მაგრამ მოსაღამოვებასთან ერთად ისევ ახლდება.
ამ დროისთვის თამაშში გართულ ბავშვებს ფანჯრიდან მზრუნველი მშობლების ან ბებიების ხმა ესმით, რომლებიც თავიდან თხოვნით, მერე მოთხოვნით, ბოლოს კი წყევლა-კრულით უხმობენ მათ სახლში. მერე გაისმის ათასი ხვეწნა-მუდარა ხუთი წუთით დარჩენასა და ცოტა ხანში სახლში ასვლასთან დაკავშირებით, და როცა იმედი უნდა გადაიწურონ სწორედ ის საძულველი სერიალები შველით, მათი ოჯახის წევრებს ასე რომ იზიდავს. ამის შემდეგ კი “დროებით მივიწყებული შვილები” უკვე ლამპიონების შუქზე განაგრძობენ სპორტის რომელიმე სახეობით ტკბობას..
ამჯერად გართობა დიდხანს აღარ გრძელდება, დაღლილობის გამო და თვითონვე იფანტებიან საკუთარ სახლებში სიმშვიდის საძებნელად… მერე გარემო კიდევ უფრო წყნარდება, ჰაერი მძიმდება და ამ სიჩუმეში ვხვდები, რომ იმდენი ხანია ვიპოვე საკუთარი თავი დამავიწყდა კიდეც..

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s