ახალი სამედიცინო ცენტრი და მოთმინებადაკარგული საზოგადოება ქუთაისში


დღეს, 28 მაისს, ქუთაისში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალი, საერთაშორისო სტანდარტების სამედიცინო კლინიკა გახსნა, რომელიც სადაზღვევო კომპანია “ალდაგი ბისიაი”_მ ააშენა და 17 მილიონიც დახარჯა. სამედიცინო ცენტრი უახლესი აპარატურითაა აღჭურვილი, 100 საწოლიანია და 300 ადამიანზე მეტია დასაქმებული.
რადგან დაზუსტებით არავინ იცოდა როდის გაიხსნებოდა ახალი კლინიკა, მოსახლეობის ნაწილმა შუადღის 2 საათიდან დაიწყო მობილიზება და “წინა რიგები” დაიკავა, რათა საყვარელი პრეზიდენტისთვის წერილები გადაეცათ ან სულაც უბრალოდ ხელით შეხებოდნენ მას. მათ, ვისაც უკვე გადაელახათ ბარიერი, რომელსაც პატრულის ფორმა ეცვა და საჭიროზე მეტადაც ჩხრეკდნენ ადამიანებს, კლინიკის საფეხურებზე მოკალათებულიყვნენ, ზოგს ჩრდილისთვის შეეფარებინა თავი, ზოგი კი ისეთ ადგილს ეძებდა, საიდანაც მშვიდად შეძლებდა მთელი ეზოს ცქერას.
ასეთი მოლოდინი რამდენიმე საათს გაგრძელდა, დაღლილი ხალხის ნაწილმა წასვლაც გადაწყვიტა, თუმცა მათ უმრავლესობას რკინის ნებისყოფა აღმოაჩნდა და დაკავებული ადგილი არც დაცვის ხვეწნა-მუდარით დატოვა, არც ყვირილით. ამას წინა რიგებში მოყოლილი გოგონას გულისწასვლა მოჰყვა, რომელსაც შესაბამისი დახმარებაც გაუწიეს და კეთილმა ექიმმა ახალ კლინიკაშიც შეიყვანა. პერიოდულად ადგილობრივების წუწუნიც ისმოდა დაღლილობასა და ერთკვირიანი წვიმების შემდეგ მაინცდამაინც დღეს ამოსულ ცხელ მზეზე, რომელიც ლამის მოსყიდულად ჩათვალეს; რამდენიმე ადამიანი იმის გამოცნობასაც კი ცდილობდა თუ საიდან მოვიდოდა პრეზიდენტი და რომელ ადგილას დგომა უფრო ხელსაყრელი იქნებოდა მათთვის; მცირეწლოვანი ბავშვების ნაწილი ტირილით აგრძნობინებდა მშობლებს, რომ მეტის გაძლება აღარ შეეძლოთ; უფრო მოზრდილები კი ხელების ქნევასა და ყვირილში ვარჯიშობდნენ. ამ დროში სახურავზე მოკალათებულმა სნაიპერმაც მოიწყინა და მოაჯირზე დაყრდნობილი მშვიდად აკვირდებოდა ეზოში ატეხილ აურზაურს.

ექვსი საათის შემდეგ, როცა მოსახლეობის მოთმინების ფიალას უკანასკნელი წვეთებიღა აკლდა, პრეზიდენტიც გამოჩნდა. კლინიკამდე მისასვლელი გზა შეძახილებით და ხვევნა-კოცნით გაიარა; წერილების ნაწილი კი, რომელიც დაცვას ხალხისთვის არ გამოურთმევია, პირადად მიიღო დერეფანში; საფეხურებზე ასვლის შემდეგ საუბარი ზურაბ ჭიაბერაშვილმა დაიწყო, რომელმაც მთელი პასუხისმგებლობით განაცხადა, რომ ეს კლინიკა ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება და ჯანდაცვა კიდევ უფრო გაფართოვდება.
ამის შემდეგ პრეზიდენტის არც ისე გრძელი მონოლოგი დაიწყო, რომელსაც მოგვიანებით ერთი ბავშვიც გამოეხმაურა ფრაზით : “მიყვარხარ მიშა !” და სანამ პრეზიდენტისგანაც იგივე არ მოისმინა არ გაჩუმდა. ამას მოჰყვა ქალაქის სამომავლო გეგმებზე საუბარი, რომელიც აეროპორტს, ახალ სწრაფ მატარებელს, ავტობანს, პარლამენტს და ასევე დღეს გახსნილ სასტუმროს ეხებოდა. ბოლოს კი დაგვაიმედა, რომ ქუთაისიც ისეთივე მშვენიერი და მრავალფუნქციური იქნება, როგორც თბილისი და ანაკლია; ყველაზე მტკივნეული საკითხი კი _დასაქმება, აუცილებლად მოგვარდება. ამის შემდეგ სამედიცინო ცენტრი დაათვალიერა, პერსონალსაც ესაუბრა და ახალი სასტუმროს გასახსნელად გაემართა.. შეკრებილი საზოგადოება კი ნელ-ნელა დაიშალა უკეთესი მომავლის მოლოდინით და სამომავლო აღმშენებლობაზე ფიქრში გართული..

Advertisements

6 thoughts on “ახალი სამედიცინო ცენტრი და მოთმინებადაკარგული საზოგადოება ქუთაისში

    1. მაგ აზრმა მეც შემაწუხა, მაგრამ მერე ისე გათეთრდა ის გოგო, არამგონია ეგეთი სამსახიობო ნიჭი ჰქონოდა, თანაც გრიმის გარეშე 😀

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s