რეგეს უკვდავი მეფე ანუ რობერტ ნესტა მარლი

“ჩემი მუსიკა მუდამ იარსებებს!
ალბათ უხერხულია ჩემგან ამაზე
ლაპარაკი, მაგრამ ფაქტია –
ჩემი მუსიკა მარადიულია!”


ბობ მარლი

ბობ მარლი 1945 წლის 6 თებერვალს კუნძულ იამაიკის ჩრდილოეთში, წმინდა ანას როდენ ჰოლის პატარა სოფელ ნაინ მაილში დაიბადა. მისი სრული სახელი და გვარი რობერტ ნესტა მარლია. მამა ბრიტანული წარმოშობის თეთრკანიანი იამაიკელი კაპიტანი და არმიის ოფიცერი ნორვალ სინქლარ მარლი იამაიკაზე პლანტაციების დიდ ნაწილს ფლობდა და 50 წლის იყო, როდესაც ბობის დედა 17 წლის სიდელა მალკოლმი გაიცნო, რომელიც სოფელში თავისი სასიამოვნო ხმით იყო განთქმული. მათმა ქორწინებამ საზოგადოებაში დიდი სკანდალი გამოიწვია, როგორც სოციალური და ასაკობრივი უთანასწორობის გამო, ასევე შავკანიანისა და თეთრკანიანის ქორწინება მიუღებელი იყო.ამის გამო ბობის მშობლები საცხოვრებლად კინგსტონში გადავიდნენ, თუმცა მალე ერთმანეთს დაშორდნენ და სიდელას სოფელში დაბრუნება მოუწია,სადაც შვილის აღზრდაში მამა- ომერაია მალკოლმი ეხმარებოდა.
მამა ბობის აღზრდაში მონაწილეობას არ იღებდა, თუმცა ფინანსურად ხშირად ეხმარებოდა ოჯახს. ერთხელაც როცა ბობი უკვე 5 წლის იყო კაპიტანი ნაინ მაილში დაბრუნდა, სიდელას შვილის ბავშვთა სახლში მიბარება შესთავაზა, ხოლო მტკიცე უარის მიღების შემდეგ თავისთან წაყვანის და უკეთესი პირობების შექმნის სურვილი გამოთქვა. ქალმა ბევრი იფიქრა გადაწყვეტილების მიღებაზე და ბოლოს ბობი მამას გააყოლა დედაქალაქში. კაპიტანმა შვილი დიაბეტით დაავადებულ ქალს მისის გრეის მიაბარა,ამ პერიოდში ბობი ქუჩაში გიტარის დაკვრით ირჩენდა თავს. დედამ რამდენიმე თვის შემდეგ იპოვა ის და უკან ნაინ მაილში დააბრუნა.
სოფელში დაბრუნების შემდეგ ბობმა სწავლა Stepney All Age School-ში გააგრძელა, სადაც თავისი უახლოესი მეგობარი და მოგვიანებით ჯგუფის წევრი ბანი ლივინგსტონი იგივე ბანი ვოილერი გაიცნო. ბობი ძალიან კარგი მოსწავლე იყო, იგი ძალიან უყვარდათ სკოლაში და დიდი პოპულარობითაც სარგებლობდა. როცა იგი 12 წლის გახდა დედასთან ერთად კინგსტონში გადავიდა საცხოვრებლად. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად იცვლიდნენ მისამართებს, ბობს უხაროდა, რომ თავის საუკეთესო მეგობართან ბანისთან ერთად ცხოვრობდა. ამ პერიოდში სიდელა და ბანის მამა საყვარლები იყვნენ, მოგვიანებით კი სწორედ მისი ეჭვიანობის გამო მოუხდათ დედაქალაქის ყველაზე ღარიბ უბანში თრენჩ თაუნში გადასვლა.
თავდაპირველად ბობი აქ თავს უცხოდ გრძნობდა,მაგრამ 14 წლის ასაკში სკოლა მიატოვა, ვინსენტ ფორდის სასადილოში მარიხუანას გაუსინჯა გემო, ხოლო მის მთავარ გატაცებას მუსიკა და ფეხბურთი წარმოადგენდა, რის გამოც ბობის დედა უკმაყოფილო იყო.ამ პერიოდში ბობმა მონაწილეობა მიიღო პირველ ოფიციალურ მუსიკალურ ღონისძიებაში, რომელიც ჯო ჰიგსის( ჯო ძლიან გავლენიანი და პოპულარული იყო, რადგან ის იყო პირველი იამაიკელი, რომელმაც გამოუშვა საკუთარი ფირფიტა) ეზოში გაიმართა. მან ბობის მუსიკაზე პოზიტიური კვალი დატოვა. სწორედ ჰიგსისგან გაიცნო პიტერ ტოში, რომელიც მოგვიანებით ბენდის მთავარი გიტარისტი გახდა.

1961 წელს ბობ მარლიმ, პიტერ ტოშმა და ბანი ლივინგსტონმა, ჯუნიორ ბრაიტ ვაითთან ერთად ჯო ჰიგსის დახმარებით ჩამოაყალიბეს ჯგუფი “The Teenagers”.
1962 წელს ლესლი კონგის სტუდიაში Beverleys Label-ში დერიკ მორგანის დახმარებით ბობმა ჩაწერა სამი სიმღერა, რომელმაც ვერანაირი წარმატება ვერ მოუტანა,ხოლო გაწეული შრომის საფასურად ათი დოლარი მიიღო.

1963 წელს ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო სწორედ ამ სტუდიის გამოსამშვიდობებელ საღამოზე, რადგან იგი იხურებოდა. მიუხედავად ნერვიულობისა მათ აღაფრთოვანეს მსმენელი სიმღერით One Cup of Coffee. ამ გამოსვლის შემდეგ ბენდმა შეიცვალა სახელწოდება და The wailing wailers-ად, მოგვიანებით კი The Wailers-ად გადაკეთდა. მიუხედავად იმისა, რომ მსმენელების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, ბენდს ფინანსურად ძალიან უჭირდა. მალე მათი მუსიკით აღფრთოვანებულმა “პირველი სტუდიის” მფლობელმა კლემენტ დოდიმ ბენდს ხუთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა. მალე ბენდის ვოკალისტმა ბრაიტ ვაითმა ჩიკაგოში წასვლა გადაწყვიტა, ხოლო სოლისტი ბობი გახდა. ამ სტუდიაში შეასრულა სიმღერები Im Still Waiting და Simmer down. ეს უკანასკნელი კი მუსიკალური რადიოების რეიტინგში ორი თვის მანძილზე პირველ ადგილს იკავებდა.

ეს პერიოდი ბობისთვის წარმატებული გამოდგა, როგორც კარიერაში, ასევე პირად ცხოვოვრებაში. მან სტუდიაში გაიცნო ალვარიტა ანდერსონი იგივე რიტა მარლი, რომელსაც შესანიშნავი ვოკალური მონაცემები ჰქონდა. ბობი მას თავისი ჩანაწერებით ხიბლავდა, რომლებსაც სიმღერის ტექსტებად იყენებდა. მათ მალე შეუყვარდათ ერთმანეთი. ბობი ამ პერიოდში კვლავ ვინსენტ ფორდთან ცხოვრობდა, რიტამ დიდი ხნის ხვეწნის შემდეგ მამიდა დაითანხმა, რომ ბობი მათთან გადასულიყო საცხოვრებლად. 1966 წლის 10 თებერვალს იქორწინეს კიდეც,რიტას შვილზე კი საკუთარივით ზრუნავდა.
ამ დროისთვის სიდელა მეორედ გათხოვილიყო და შვილს თავისთან უხმობდა. ბობი ქორწინებიდან ორი დღის შემდეგ გაემგზავრა დელავერში,მაგრამ ოქტომბერში უკან დაბრუნდა და ბენდი აღადგინა. ბობი უფრო ჩაუღრმავდა რასტაფარიანიზმს და ბენდის წევრებთან ერთად რასტა-ფილოსოფიის მუსიკით გადმოცემა გადაწყვიტა, რის გამოც კონფლიქტი მოუვიდათ “პირველი სტუდიის” მფლობელთან და საკუთარ კარიერაზე ზრუნვა დამოუკიდებლად დაიწყეს.მალე ბობმა ამერიკაში შეგროვილი თანხით გრინვიჩ პარკის ქუჩაზე მდებარე სახლში, სადაც რიტასთან ერთად ცხოვრობდა ხმის ჩამწერი და ფირფიტების მწარმოებელი სტუდია Wail N Soul გახსნა.
ბობი გამუდმებით ცდილობდა რასტაფარიანული რწმენის გაღრმავებას და საკუთარი თავის ძიებაში საშინელ დეპრესიაში ჩავარდა, ამას ემატებოდა ფინანსური წარუმატებლობა, რის გამოც ბობმა რიტასთან ერთად სოფელ ნაინ მაილში გადაწყვიტა დაბრუნება, თუმცა იქ დიდხანს ვერ გაძლეს და კვლავ კინგსტონში დაბრუნდნენ.1967 წლის 23 ავისტოს ქვეყანას ბობისა და რიტას პირველი შვილი სიდელა მარლი მოევლინა. ბობმა ბენდთან ერთად განაახლა მუსიკაზე მუშაობა და ჩაწერეს ახალი სიმღერები Thank You Lord და Nice Time,რომლებშიც ბობის ოპტიმისტური განწყობა იგრძნობოდა.მალე ერთ-ერთ ღონისძიებაზე ბობმა ჯონი ნეში გაიცნო, რომლის დახმარებით ბენდმა კონტრაქტი გააფორმა ჯონის მენეჯერთან და მას შემდეგ ბენდის ფინანსურად წარუმატებელი პერიოდი დასრულდა.
1968 წლის 11 ოქტომბერს ბობს და რიტას მეორე შვილი დევიდ (ზიგი) მარლი შეეძინათ. დატვირთული დღეების მიუხედავად ბობი ძალიან მზრუნველი და ყურადღებიანი მამა იყო.მისი შვილები აღნიშნავენ, რომ არ ახსოვთ შემთხვევა,რომ ბობი უსაჩუქროდ დაბრუნებულიყო რომელიმე მოგზაურობიდან.
მალე ლი პერის დახმარებით ბენდმა გამოუშვა ალბომი სახელწოდებით “Soul Rebel”, რომელიც პირველად გაცდა იამაიკის საზღვრებს.
1970 წელს ბენდს დაემატა ორი ახალი წევრი: დრამერი კარლ ბარეტი (ის გახლავთ რეგეს მუსიკაში ე.წ. “ერთწვეთიანი რიტმის” შემქმნელი) და მისი ძმა ბას-გიტარისტი ესტონ ბარეტი (მას სხვადასხვა ქალისგან 50 შვილი ჰყავდა და ამიტომ ზედმეტსახელად “ოჯახის კაცს” ეძახდნენ). ამ ცვლილებამ დადებითი გავლენა იქონია ბენდზე და კიდევ უფრო მოხიბლეს თაყვანისმცემლები.
ბობს ისევ ძალიან იტაცებდა ფეხბურთი და ხშირად თამაშობდა კიდეც. იგი მეგობრობდა ახალგაზრდა ფეხბურთელ ალან ქოულთან, რომელმაც ბენდთან ერთად ჩამოაყალიბა ახალი სტუდია “Tuff Gong”, სადაც ჩაიწერა “გაზაფხულის ქვეყანაში” ჰიტად ქცეული სიმღერა Trench town rock. ამ პერიოდში ბენდი JAD Record-თანაც თანამშრომლობდა. სტუდიის ერთი-ერთი მფლობელი ჯონი ნეში მიიწვიეს მთავარი როლის შემსრულებლად ფილმში “Want So Mach To Believe”, ხოლო ბობი მუსიკალური გაფორმებისთვის მასთან ერთად გაემგზავრა 1971 წელს სტოკჰოლმში.
მალე ჯონიმ გადაწყვიტა ინგლისში ჩაეტარებინა ტურნე,რომელშიც The Wailers ბენდიც მიიღებდა მონაწილეობას.ლონდონში შექმნილი უხერხული მდგომარეობის გამო ბენდმა კონტრაქტი გააფორმა სტუდია “Island Records” მმართველთან – ქრის ბლექველთან. ერთი დილით მათ საფოსტო გზავნილში პოლიციამ დიდი რაოდენობით “განჯა” აღმოაჩინა,რომელიც მეგობარმა გაუგზავნათ იამაიკიდან და იმხელა ჯარიმის გადახდა მოუხდათ,რომ უკან დასაბრუნებელი ფულიც აღარ დარჩათ.
კინგსტონში დაბრუნებულებმა ახალ ალბომზე დაიწყეს მუშაობა და 1973 წლის 13 აპრილს გამოსცეს ალბომი – “Catch a Fire”, რომლის გამოსვლის შემდეგ დაიგეგმა ტურნე ამერიკასა და ბრიტანეთში.
1973 წლის ზამთარში ბენდი გაემგზავრა ინგლისში,სადაც მაყურებელი აღაფრთოვანეს. სამი თვის შემდეგ დაბრუნებულები ამერიკაში გასამგზავრებლად ემზადებოდნენ,როცა ბანი ნევილ ლივინგსტონმა წასვლაზე უარი განაცხადა,მიუხედავად ამისა ტურნე არ ჩაიშალა, ბანი ჯო ჰიგსმა შეცვალა. ეს ტურნე ძალიან წარმატებული აღმოჩნდა ბენდისთვის, მსმენელს იმდენად მოაწონეს თავი,რომ სხვა ჯგუფების სიმღერისას “ვოილერს” გაიძახოდნენ. ამის გამო ბენდი ღონისძიებიდან მოხსნეს და 17 ნაცვლად, მხოლოდ 4 შოუში მიიღო მონაწილეობა, თუმცა მათ სან ფრანცისკოში მაინც გამართეს დამოუკიდებელი კონცერტები. სწორედ ამ ტურნედან დაბრუნებისას დაიწერა მსოფლიო ჰიტი- No woman,no cry.
მომდევნო ალბომი იყო “Burnin” ,რომელშიც შედის ისეთი ცნობილი სიმღერები,როგორიცაა: Get up stand up, Put it on, I shot the sheriff. ამ ალბომის გამოსვლის შემდეგ ბენდის პოპულარობამ იმატა, თუმცა ბენდის წევრებს შორის ურთიერთობა ძალიან დაძაბული იყო და 1973 წელს დაიშალა კიდეც.
ბობი მონდომებით შეუდგა ახალ ალბომზე მუშაობას კინგსტონში,Hope road n 56-ში მდებარე სახლში(ახლა აქ ბობის მუზეუმია),რომელიც ქრის ბლექველს ეკუთვნოდა და მოგვიანებით სწორედ მისგან შეიძინა. ბობის მეგობარს ლი პერის გაუჩნდა იდეა ბენდში დაემატებინათ ქალბატონები, რითაც მუსიკას კეთილხმოვანება და ჟღერადობა შეემატებოდა. ეს იდეა ბობსაც მოეწონა და ასე ჩამოყალიბდა ბენდი “Bob Marley and The Wailers”.

1975 წლის 27 აგვისტოს მეფეთა მეფედ წოდებული იმპერატორი – ჰაილი სელასიე გარდაიცვლა,რამაც მოსახლეობაში დიდი სულიერი გადატრიალება მოახდინა. ბობ მარლი და მისი ბენდის წევრები კი საკუთარი რელიგიისა და ფილოსოფიის ერთულნი დარჩნენ.
1975 წლის თებერვალში Bob Marley and The Wailers-მა გამოსცა ალბომი “Natty Dread”. ალბომში რევოლუციური ხასიათის სიმღერები იყო შესული,რამაც კიდევ უფრო გაზარდა ბენდის პოპულარობა მსოფლიო მასშტაბით.ამავე წელს ბენდმა განახლებული შემადგენლობით ჩაატარა კონცერტები ამერიკასა და ინგლისში. როცა მათ No woman,no cry შეარულეს აღფრთოვანებულმა პუბლიკამ ბენდი 15 წუთიანი მქუხარე ტაშით დააჯილდოვა.
1975 წლის 11 მარტს “გაზაფხულის ქვეყანაში” მაიკლ ჯექსონი ჩავიდა თავის და-ძმასთან ერთად, სადაც ბობი გაიცნო და ასაკის მიუხედავად დამეგობრდნენ კიდეც. კინგსტონის ნაციონალურ სტადიონზე Jackson 5-მა და Bob Marley and The Wailers-მა ერთობლივი შოუ კონცერტი გამართა,რომელიც მუსიკის ისტორიაში უმნიშვნელოვანეს მოვლენად იქცა.
მოპოვებული წარმატების ფონზე ქალების რიცხვი ბობის ცხოვრებაში მისი თაყვანისმცემლების სიდიდის პარალელურად იზრდებოდა. არც რეგეს მეფე რჩებოდა გულგრილი მათ მიმართ,როგორც ცნობილია მას 11 შვილი ჰყავდა, რიტასგან კი მხოლოდ სამი. რიტა ბობის ორ შვილსაც ზრდიდა,ასევე მას ხშირად სტუმრობდა ჯულიან მარლი,რომელიც ბობს ინგლისელი ქალისგან ჰყავდა. ამ რომანებს შორის ყველაზე გახმაურებული მის მსოფლიო სინდი ბრეიქსფიერთან ურთიერთობა გახლდათ,რომელიც ყველაზე დიდხანს გაგრძელდა. ამ ყველაფრის მიუხედავად რიტას ოჯახი არ დაუნგრევია და სიცოცხლის ბოლომდე ქმრის ერთგული დარჩა.
1976 წლის 30 აპრილს გამოსცა ალბომი სახელწოდებით “Rastaman vibration”. ალბომში შესული სიმღერები გამოხატავდა იმ დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებას მსოფლიოს ქვეყნებში,რომლებსაც უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ეწირებოდა. ასევე გაიზარდა რასტაფარების რაოდენობაც, რომლებსაც ბობი სიმღერებით მშვიდობისკენ სწრაფვას მოუწოდებდა.
1976 წლის 5 დეკემბერს ბობმა გადაწყვიტა თავისუფალი კონცეტის ჩატარება სახელწოდებით-Smile Jamaica, რომელიც ხალხს ოპტიმიზმით და მომავლის იმედებით აღავსებდა, მაგრამ კონცერტამდე ორი დღით ადრე მომღერალზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა საკუთარ სახლში ( თავდასხმასთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს, თუმცა დამტკიცებული არცერთი არაა). ბობის მენეჯერს დონ თეილორს ოთხი ტყვია მოხვდა სხეულის სხვადასხვა არეში, ასევე დაიჭრა მისი მეგობარი ლევის გრიფიტიც. ბობს მკერდში გამჭოლი ჭრილობა ჰქონდა. რიტა თავში დაიჭრა მძიმედ, როცა ბავშვების გადარჩენას ცდილობდა. საბედნიეროდ ყველანი გადარჩნენ და კონცერტიც დათქმულ დროს გაიმართა.

კონცერტის შემდეგ ბობმა ბრიტანეთში გადაწყვიტა საცხოვრებლად გადასვლა,სადაც გამუდმებით ექმნებოდა პრობლემები მარიხუანას მოხმარების გამო. ამ პერიოდში ბენდიდან წავიდა გიტარისტი-ალ ანდერსონი. დიდი ხნის ძებნის შემდეგ ბობმა მის ნაცვლად უნიჭიერესი მუსიკოსი- ჯუნიორ მარვინი აიყვანა. მალე გამოვიდა ახალი ალბომი-“Exodus”, რომლის წარმატებამაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, იგი 1999 წელს ჟურნალმა Time-მა საუკუნის ალბომად დასახელდა.
ბენდმა ლონდონის Rainbow theater-ში კონცერტების კვირეული ჩაატარა,სადაც მსმენელი მთელი ევროპიდან მოდიოდა. ამის შემდეგ დაგეგმეს ევროპიული ტურნე, რომელიც საბედისწერო გამოდგა ბობისთვის: მან საფრანგეთში ფეხბურთის თამაშისას ფეხის ცერა თითი დაიზიანა,მოგვიანებით კი ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინეს. მან თითის ამპუტაციაზე უარი განაცხადა,ოპერაციის შემდეგ ხუთი თვე დაჭირდა რეაბილიტაციისთვის და ამ დროის მანძილზე სამშობლოში დაბრუნებზე ფიქრობდა.
ამ პერიოდში გამოიცა ალბომი-“Kaya”, რომელიც სასიყვარულო სიმღერების კრებული იყო და მსმენელს რომანტიკულ განწობას უქმნიდა, ხოლო მომდევნო წელს კიდევ ერთი ალბომი – “Babylon by Bus”.
1978 წლის 22 აპრილს ბობ მარლის თაოსნობით ჩატარდა- One love peace concert, სადაც იამაიკის ორი პოლიტიკურად დაპირისპირებული ფრაქციების წარმომადგენლებმა ბობის თხოვნით ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. ეს ფაქტი მათ შორის ურთიერთობის დარეგულირების გარანტად იქცა, ხოლო ბობის ავტორიტეტი კიდევ უფრო გაიზარდა ხალხის თვალში. ამ ღონისძიების შემდეგ გაერომ რეგეს მეფე ე.წ. “მესამე მსოფლიოს” მშვიდობის ორდენით დააჯილდოვა.
1978 წელი ბენდმა მოგზაურობაში გაატარა.ამ წელს ესტუმრა ბობი აფრიკას, კიდევ უფრო გაეცნო მათ კულტურას და რწმენაც გაიღრმავა. მომდევნო წელსაც რამდენიმე ტური ჰქონდათ იაპონიასა და ტოკიოში. ამავე წელს გამოსცა კიდევ ერთი ალბომი- “Survival”, რომელშიც შესულია სიმღერა – Africa unite, რომელშიც ჩანს რომ რეგეს მეფეს უდიდესი სურვილი აფრიკელების გაერთიანება და თანასწორუფლებიანობა იყო.
ბობმა საკუთარი სახსრებით რამდენიმე კონცერტი ჩაატარა აფრიკის კონტინენტზე, შემდეგ ბრაზილიასაც ეწვია,სადაც ფეხბურთიც ითამაშა პაოლო ცეზარ ლიმასთან ერთად.
1980 წლის 10 ივნისს კიდევ ერთი ალბომი- “Uprising” გამოიცა. ბობმა ამავე სახელწოდების ტურნეს მოწყობა გადაწყვიტა ევროპაში, რომელიც უკანასკნელი აღმოჩნდა მისთვის. ამ მოგზაურობისას ყველაზე შთამბეჭდავი მილანის სან-სიროს სტადიონზე გამართული კონცერტი იყო, რომელსაც 100 000 ადამიანი ესწრებოდა.

ბობის ჯანმრთელობა ნელ-ნელა უარესდებოდა, ამის შესახებ პრესამაც შეიტყო, ხოლო მალე გავრცელდა სენსაციური ინფორმაცია,რომ 1980 წლის 4 ნოემბერს რეგეს მეფე ეთიოპიის მართლმადიდებლურ ეკლესიაში მოინათლა და ბერნაჰე სელასი ( “წმინდა სამების ნათელი” ) დაირქვა.
ამის შემდეგ ბობი სამკურნალოდ გერმანიაში წავიდა ცნობილ ექიმ ჯოსეფ ისელსთან, რომელსაც არაერთი მომაკვდავი ავადმყოფი განეკურნა. მართალია თავიდან მკურნალობა წარმატებით მიდიოდა, მაგრამ ბობის გადარჩენა მაინც ვერ მოხერხდა. ( ამ ფაქტთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრება არსებობს: ფიქრობენ,რომ ექიმმა ისელსმა არ უმკურნალა ბობს შესაბამისად,რადგან CIA-ს დავალებებს ასრულებდა, ბობი კი მათთვის სახიფათო იყო. . ასევე ვარაუდობენ,რომ ის სპორტული ფეხსაცმელი,რომელიც ბობს აჩუქეს სპეციალური საწამლავით იყო გაჟღენთილი,რამაც კანის სიმსივნე გამოიწვია).
1981 წლის 6 თებერვალს ბობმა, მისმა ოჯახმა და მეგობრებმა გერმანიაში რეგეს მეფეს უკანასკნელი დაბადების დღე აღნიშნეს. მან ვერ მოახერხა სამშობლოში ჩასვლა, როცა იამაიკის ღირსების ორდენით დააჯილდოვეს მისი მშვიდობიანი ბრძოლისათვის ადამიანთა თანასწორუფლებიანობისა და თავისუფლებისთვის.
მას შემდეგ,რაც ექიმ ისელსს ბობის გადარჩენის იმედი გადაეწურა სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა, რადგან სურდა საკუთარ ქვეყანაში გარდაცვლილიყო. 1981 წლის 11 მაისს იამაიკისკენ მიმავალი თვითმფრინავი მაიამის აეროპორტში დაეშვა, რეგეს მეფის ჯანმრთელობის გაუარესების გამო. იგი ერთ-ერთ ჰოსპიტალში მიიყვანეს, სადაც თავის შვილს სთეფენსს უკანასკნელი სიტყვები უთხრა: “ფულით სიცოცხლეს ვერ იყიდი” და სამუდამოდ დახუჭა თვალები.
ბობი თავიდან კინგსტონში გადაასვენეს, შემდეგ კი ნაინ მაილში დაკრძალეს.მას გიტარა და ბიბლია ჩააყოლეს და არც მისი უსაყვარლესი ბეჭედი მოუხსნიათ. რეგეს მეფის დაკრძალვას მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ჩამოსული ადამიანი დაესწრო.
1984 წლის 28 მაისს Island records-მა გამოსცა ალბომი სახელწოდებით-“Legend”, რომელმაც ყველა მუსიკალური ათეულის სათავე დაიკავა.
1990 წლის 6 თებერვალს ბობის დაბადების დღე იამაკაში ოფიციალურ დღესასწაულად გამოცხადდა.
ბობის გარდაცვალების შემდეგ მისი მსმენელების რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა. რეგეს მეფის სიმღერები დღესაც არ კარგავს აქტუალობას, რადგან მისი გარდაცვალებიდან 31 წლის შემდეგაც კი უამრავი “რეგემანი” არსებობს.

P.S. იმედია სიდიდის გამო წაკითხვა არ დაგეზარათ და მოგეწონათ პოსტი… ამ ყველაფრისთვის კი მადლობა თამო ხოსიტაშვილს, რომ არა ის ამდენი რამ არც მე მეცოდინებოდა 🙂

5 thoughts on “რეგეს უკვდავი მეფე ანუ რობერტ ნესტა მარლი

  1. ვაღიარებ პოსტი თავიდან ბოლომდე არ წამიკითხავს, მაგრამ ხომ უნდა დავაფიქსიო რა დონეზე მიყვარს ბობიკა ♥

Leave a reply to marlishvili კომენტარის გაუქმება